ანგელა მერკელი - საერთაშორისო თანამშრომლობით კორონავირუსის პანდემიის დაძლევა უფრო მალე იქნება შესაძლებელი
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამშრომლობით კორონავირუსის პანდემიის დაძლევა უფრო მალე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ გერმანიის ლიდერმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 73-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ასამბლეა კორონავირუსის პანდემიის გამო ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც მერკელმა აღნიშნა, აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ იფიქროს, თუ როგორ არის შესაძლებელი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუშაობის გაუმჯობესება. ამავე დროს, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ საჭიროა ორგანიზაციის მდგრადი დაფინანსების უზრუნველყოფა.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არის ლეგიტიმური გლობალური ინსტიტუტი, სადაც ყველა საკითხი ერთიანდება. სწორედ ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმაზე ფიქრი, როგორ შეგვიძლია მისი ფუნქციონირების გაუმჯობესება“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაძლევს პანდემიას დამოუკიდებლად.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გადავლახავთ პანდემიას. რაც უფრო მეტს ვიმუშავებთ ერთად საერთაშორისო დონეზე, მით უფრო სწრაფად მივაღწევთ ამას“, – აღნიშნა ანგელა მერკელმა.