ანგელა მერკელი რუსეთს დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთს დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მერკელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ამას გარდა, მერკელმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ზომების განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება ქერჩის სრუტეში ხომალდების დაუბრკოლებელი გადაადგილების უზრუნველყოფისკენ.
როგორც გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, მხარეებმა ასევე განიხილეს 2019 წლის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტის საკითხი, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ამასთან, როგორც კრემლის პრესსამსახური იტყობინება, ვლადიმერ პუტინმა და ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბრისას სირიაში შექმნილ ვითარებაზეც იმსჯელეს. კერძოდ, საუბარი ეხებოდა დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის გამართვასა და საკონსტიტუციო კომიტეტის ჩამოყალიბებას.
გერმანიისა და რუსეთის ლიდერებმა ასევე იმსჯელეს სტრატეგიულ უსაფრთხოებაზე მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების ფარგლებში.