ანგელა მერკელი ევროპის საგარეო პოლიტიკაზე - უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე
ანგელა მერკელი ევროპის საგარეო პოლიტიკაზე - უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის იმედად აღარ უნდა იყოს. ამის შესახებ გერმანიის ლიდერმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

„ფაქტია, რომ ევროპა არ არის ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკაში, ძალიან ხშირად უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენ აშშ-ს ვეყრდნობოდით, თუმცა ახლა ის კონცენტრირებულია საკუთარ თავზე. ჩვენ ამ გაკვეთილიდან დასკვნა უნდა გამოვიტანოთ. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ჩვენ საკუთარი ბედი თავად უნდა გადავწყვიტოთ და სწორედ ეს გავაკეთეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობით“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

როგორც გერმანიის კანცლერმა განაცხადა, ევროპის სამეზობლოში უამრავი გლობალური კონფლიქტი მიმდინარეობს, რასაც შედეგად ევროპაში მიგრაციული კრიზისი მოჰყვა. ანგელა მერკელმა ილაპარაკა ევროპის ერთიანი თავდაცვის პოლიტიკის მნიშვნელობაზე.

„ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენ საბოლოოდ შევძელით ევროპული თავდაცვის პოლიტიკის ინიცირება“, – აღნიშნა მერკელმა.

მისი თქმით, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა არ არის მიმართული ნატო-ს წინააღმდეგ.

ანგელა მერკელის განცხადებით, მიგრაციული კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის შიგნით სხვდასხვა პოზიციები არსებობს, თუმცა ორგანიზაცია ამ გამოწვევებს გადალახავს.

გერმანიის ლიდერი საჭიროდ მიიჩნევს ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვას.

„ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით თავისუფალი მიმოსვლით, შენგენის ზონაში მგზავრობისას პასპორტის ჩვენებაც კი არ არის საჭირო. თუმცა რეალურად ბევრს არ ვფიქრობდით გარე საზღვრების დაცვაზე. ახლა ჩვენ ვმუშაობთ საზღვრის გადაკეტვის სისტემაზე. ახლა ჩვენ გვაქვს „ფრონტექსი“. თუმცა საკუთარი სივრცის ჩაკეტვა საზღვრების დაცვას ხელს არ უწყობს. საჭიროა მეზობლებთან კარგი თანამშრომლობა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

„ერთიანი ევროპული საგარეო პოლიტიკა არ არის საკმარისად განვითარებული. თუ ჩვენ შევძლებთ, გავუგზავნოთ მკაფიო ერთიანი სიგნალი ისეთ დიდ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, აშშ, თუ საგარეო პოლიტიკა იქნება ნაციონალური, ჩვენ წავაგებთ. ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი. ჩვენ არ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ერთმანეთს აბსოლუტურად, 100 პროცენტით ვეყრდნობით“, – აღნიშნა ანგელა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა ბრექსიტზეც ისაუბრა. მან დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის გადაწყვეტილებას, დატოვონ ევროკავშირი, სამწუხარო უწოდა, თუმცა, მისი თქმით, ამან ევროპას წინსვლის სტიმული მისცა.

გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალში დიდ ბრიტანეთთან კარგი პარტნიორობა სურს, თუმცა მოლაპარაკებების დროს ევროკავშირი თავისი პრინციპების ერთგული იქნება.

„მათი გადასაწყვეტია, რამდენად მჭიდრო პარტნიორობა სურთ. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

ანგელა მერკელმა მსოფლიოში პოპულიზმის აღზევებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოპულიზმი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში პოლარიზაციას უწყობს ხელს.

მისი თქმით, პროტექციონიზმი და იზოლაციონიზმი პრობლემების გადაწყვეტის გზა არ არის.
ანგელა მერკელმა დელეგატებს შეახსენა, რომ 2018 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან 100 წლისთავი აღინიშნება.

გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ისტორიის გაკვეთილები ვერ ისწავლა. როგორც მერკელმა აღნიშნა, მსოფლიომ უნდა დაამტკიცოს, რომ გაკვეთილები გაითავისა, რაც მრავალფეროვნების შენარჩუნებას და პრობლემების გადასაწყვეტად ერთად მუშაობას ნიშნავს.