ანგელა მერკელი - ევროკავშირს რუსეთისა და ჩინეთის მიმართ საერთო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს
ანგელა მერკელი - ევროკავშირს რუსეთისა და ჩინეთის მიმართ საერთო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს

ევროკავშირს რუსეთისა და ჩინეთის მიმართ საერთო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მერკელმა ისაუბრა, რომ მისთვის და მისი მთავრობისთვის მთლიანად ბლოკის მომავალია მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ ევროზონის, ან რომელიმე ცალკეული ქვეყნების ჯგუფის.

მერკელმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ ოფიციალური ვარშავა კანონის უზენაესობის კუთხით შეშფოთების საბაბს აღარ მისცემს ევროპას.

2017 წლის დეკემბერში ევროკომისიამ პოლონეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესი წამოიწყო. უპრეცედენტო გადაწყვეტილება ევროკავშირის წესდების მეშვიდე მუხლის ამოქმედებას ითვალისწინებს.
იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირის წევრი ქვეყნები გაიზიარებენ, პოლონეთს ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლება დროებით შეუჩერდება. ამავე დროს, ვარშავა მილიონობით ევროს დაკარგავს.

ბრიუსელი ვარშავას სასამართლო რეფორმების გამო ედავება და აცხადებს, რომ პოლონეთის ხელისუფლება ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს, კანონის უზენაესობას საფრთხეს უქმნის. როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, რეფორმა, რომელიც პოლონეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა, მოსამართლეების დამოუკიდებლობას ზღუდავს.