ანგელა მერკელი ევროკავშირს მოუწოდებს, 750 მილიარდ ევროიანი ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი ივლისის ბოლომდე დაამტკიცოს
ანგელა მერკელი ევროკავშირს მოუწოდებს, 750 მილიარდ ევროიანი ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი ივლისის ბოლომდე დაამტკიცოს

გერმანიის კანცლერი ევროკავშირს მოუწოდებს, 750 მილიარდ ევროიანი სტიმულირების პაკეტი ივლისის ბოლომდე დაამტკიცოს. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. ანგელა მერკელის თქმით, ეს აუცილებელია, რათა ევროპის ეკონომიკა პანდმიის შედეგად მიყენებული დარტყმის შემდეგ სწრაფად აღდგეს.

„კარგი იქნება, თუ შეთანხმებას საზაფხულო შესვენებამდე მივიღებთ“, – განაცხადა მერკელმა. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმების რატიფიცირებას წლის ბოლომდე შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი უკვე წარადგინა, თუმცა ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა გეგმის წინააღმდეგ გამოდის, მათ შორისა ავსტრია და ნიდერლანდები.

ფინანსური პაკეტი 500 მილიარდი ევროს გრანტების სახით, ხოლო 250 მილიარდი ევროს სესხის სახით გაცემას ითვალისწინებს. პაკეტის დასამტკიცებლად ევროკავშირის ყველა ქვეყნის თანხმობაა საჭირო.