ანგელა მერკელი აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად მიღებული ზომები არასაკმარისია და უფრო მკაცრი ნაბიჯებია საჭირო
გერმანიის მოქმედი კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად მიღებული ზომები არასაკმარისია და საჭიროა უფრო მკაცრი ნაბიჯები. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.
„ჩვენ ძალიან დრამატულ სიტუაციაში ვიმყოფებით. ის, რაც ახლა მოქმედებს, არასაკმარისია“, – განუცხადა მოქმედმა კანცლერმა თავისი პარტიის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერებს შეხვედრაზე.
მერკელმა ფედერალური მიწების მთავრობებს მკაცრი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილების ოთხშაბათისთვის მიღებისკენ მოუწოდა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, გერმანიაში „კოვიდ-19“-ის ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება, განსაკუთრებით კი ხანდაზმულებში, რომლებსაც ორი დოზით ვაქცინაცია მიმდინარე წლის დასაწყისში ჩაუტარდათ და ბავშვებში, რომელთათვის გერმანიაში კორონავირუსის ვაქცინაცია დასაშვები არ არის.
გერმანიაში ორი დოზით აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 79 პროცენტი. ამასთან, მხოლოდ 7,5 პროცენტს აქვს გაკეთებული ე.წ. ბუსტერ დოზა.
ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო გერმანიაში დაწესდა შეზღუდვები არავაქცინირებული პირებისთვის იმ რეგიონებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მეტია.
22 ნოემბრის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსის 30 643 შემთხვევა გამოვლინდა, 62 ადამიანი გარდაიცვალა.
აღსანიშნავია, რომ ორშაბათიდან გერმანიის მეზობელ ავსტრიაში სრული ლოკდაუნი ამოქმედდა.