„გარდიანი“ - ანგელა მერკელი აცხადებს, რომ აშშ-ს მსოფლიო ლიდერობაზე აღარ აქვს პრეტენზია
„გარდიანი“ - ანგელა მერკელი აცხადებს, რომ აშშ-ს მსოფლიო ლიდერობაზე აღარ აქვს პრეტენზია

საერთაშორისო გამოცემებთან ინტერვიუში გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მსოფლიომ უნდა შეცვალოს საკუთარი მოლოდინები აშშ-ს მიმართ, რადგან მას მსოფლიო ლიდერობაზე აღარ აქვს პრეტენზია. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.

„ჩვენ გავიზარდეთ იმ ცოდნით, რომ აშშ-ს უნდოდა, ყოფილიყო მსოფლიო ძალა. თუ აშშ-ს ამ როლის საკუთარი ნებით უკან ჩამოტოვება მოუნდა, ჩვენ ამის სიღრმისეული ანალიზი უნდა მოვახდინოთ“, – განაცხადა მერკელმა.

ანგელა მერკელი გერმანიიდან ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილის გაყვანის დონალდ ტრამპის ინიციატივასა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან წამოსულ კრიტიკასაც გამოეხმაურა. აშშ-ის პრეზიდენტი გერმანიას ნატო-ს ბიუჯეტში არასაკმარისი კონტრიბუციისთვის აკრიტიკებს.

„გერმანიაში აშშ-ს სამხედროების ყოფნა არა მარტო გერმანელებსა და ნატო-ს ევროპულ ნაწილს იცავს, ასევე, აშშ-ს ინტერესებსაც ემსახურება“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

ანგელა მერკელის თქმით, გერმანიაში აცნობიერებენ, რომ ნატო-ს თავდაცვაში მეტი ფინანსების უნდა ჩადონ, თუმცა დაამატა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ქვეყანამ დიდ პროგრესს მიაღწია.