ანდრიუს კუბილიუსი - საქართველოს სჭირდება პარლამენტი, სადაც ოპოზიცია თავის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს და არა ოპოზიცია, რომელიც ქუჩაშია
ანდრიუს კუბილიუსი - საქართველოს სჭირდება პარლამენტი, სადაც ოპოზიცია თავის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს და არა ოპოზიცია, რომელიც ქუჩაშია

საქართველოს სჭირდება პარლამენტი, სადაც ოპოზიცია თავის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს და არა ოპოზიცია, რომელიც ქუჩაშია, – ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან გამოსვლისას აღნიშნა, ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო საკმაოდ გაბრაზებულია.

კუბილიუსის შეფასებით, შექმნილ სიტუაციაში არც მმართველი გუნდი და არც ოპოზიცია გამარჯვებული არ იქნება.

„მინდა დავიწყო ჩემი გამოსვლა იმით, რომ ბოლოს განვითარებული მოვლენების გამო, გაბრაზებულიც კი ვარ. შევაქებ კარლ ჰარცელს და აშშ-ის ელჩს იმისთვის, რის გაკეთებასაც ცდილობენ. ისინი დიალოგს აწარმოებენ სხვადასხვა პარტიასთან, თუმცა მოვლენები ძალიან სამწუხაროდ ვითარდება. ჩემი დასკვნა მარტივია – ამ სიტუაციაში გამარჯვებული არ იქნება. არც ოპოზიცია და არც მმართველი პარტია გამარჯვებული არ იქნება. ფუნქციონალური პარლამენტის გარეშე, საქართველო ძალიან ბევრს დაკარგავს და ეს ძალიან მნიშვნელოვან დროს მოხდება. მიმდინარეობს დისკუსიები, ეროვნულ მედიაში სულ მცირე ვარაუდები მაინც ვრცელდება, რომ შესაძლოა, საქართველოს ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა გადაეცეს, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობს შესაძლებლობა, 2024 წელს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების ფორმალური განაცხადი გააკეთოს. ყველა ეს შესაძლებლობა საფრთხეშია, თუ დიალოგში შეთანხმება არ იქნება მიღწეული“, – განაცხადა კუბილიუსმა.

მისივე თქმით, არ სურს, მოისმინოს რომელიმე მხარის ბრალდებები, რადგან პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება.

ამასთან, კუბილიუსის შეფასებით, თუ საფრთხე შეექმნება საქართველოს ევროინტეგრაციას, ამაში მთელი პოლიტიკური ელიტა იქნება დამნაშავე.

„არ მინდა, მოვისმინო რომელიმე მხარის ბრალდებები, ვინაა ამ სიტუაციაში დამნაშავე. პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება. ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ არჩევნებზე დარღვევების შესახებ და ეს უნდა გამოსწორდეს, მაგრამ ასევე უნდა ვისაუბროთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რაც მთელ პოლიტიკურ ელიტას ეკისრება. თუ დაიკარგება ევროინტეგრაციის შესაძლებლობა, რომელიც ახლა აქვს საქართველოს, ისტორია ამაში მთელ პოლიტიკურ ელიტას დაადანაშაულებს“, – განაცხადა კუბილიუსმა.

ევროპარლამენტარმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა და კრიტიკულად ისაუბრა იმ კანონპროექტზე, რომლის ინიცირებაც ახალარჩეულ პარლამენტში იგეგმება.

„პირველ რიგში, მინდა მივმართო მმართველ გუნდს, რომელსაც გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა აქვს და ეს ყოველთვის ასეა. მე რეალურად შოკირებული ვარ მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის პროვოკაციული განცხადების გამო, რომ ახალი პარლამენტის და მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავარ ოპოზიციურ პარტიას დაშლიან. ეს არის ავტორიტარული პრაქტიკა, როდესაც ოპოზიციას ემუქრები. ეს არ არის დიალოგის წარმოება, ეს არის გზა დიალოგისა და საჭირო რეფორმების განადგურებისკენ. მოვუწოდებ მმართველ პარტიას, უარი თქვას ამ პროვოკაციაზე. ასევე მოვუწოდებ მმართველ გუნდს, შეხედონ სერბეთის მაგალითს, სადაც მმართველმა პარტიამ ვერ მიაღწია შეთანხმებას ოპოზიციასთან და მაშინ მან არჩევნების გამართვა არა 2024 წელს, არამედ 2022 წელს გადაწყვიტა.

დაბოლოს, მინდა მივმართო ოპოზიციას, თქვენც გაქვთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა. ნუ დაუშვებთ, რომ პროვოკაციებმა შედეგი გამოიღოს და დიალოგის და საქართველოს წინაშე არსებული შესაძლებლოებები განადგურდეს. საქართველოს სჭირდება ფუნქციონალური პარლამენტი, სადაც ოპოზიცია თავის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს და არა ოპოზიცია, რომელიც ქუჩაშია. იმედი მაქვს, ორივე მხარეს ეყოფა პასუხისმგებლობა და რაციონალიზმი, რათა მიაღწიონ საქართველოსა და მთელი ევროპისთვის მნიშვნელოვან შეთანხმებას“, – განაცხადა კუბილიუსმა.