ანდრიუს კუბილიუსი – ნდობა, რომელიც პროპორციული არჩევნების დაპირების შეუსრულებლობის შედეგად დაიკარგა, უნდა აღდგეს
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, ანდრიუს კუბილიუსი თბილისში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგის პროცესს.
კუბილიუსის განცხადებით, მნიშვნელოვანი დაპირება მოისმინა მმართველი პარტიისგან, რომ დიალოგი გაგრძელდება, რომლის შედეგადაც ხელშესახები შედეგები იქნება მიღწეული.
„მე გახლდით გარკვეულწილად ჩართული ადგილობრივ დისკუსიებშიც, ქართული მხარის დისკუსიებშიც, რომელიც ეძღვნება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. არ გავიმეორებ იმ საკითხებს, რომლებიც გავაჟღერე ამ დღეების განმავლობაში. რასაკვირველია, ჩვენ გვაინტერესებს და შეშფოთებული ვართ ამ პოლიტიკური კრიზისის გამო, რომელიც იქნება შემაფერხებელი. დემოკრატიასა და სამომავლო არჩევნებზე ვისაუბრეთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ დიალოგს, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა რამდენიმე კვირის წინ, რომლის ინიციატორი გახლავთ ევროკავშირის ელჩი. მქონდა პირადად შეხვედრა ოპოზიციურ ლიდერებთან, აგრეთვე, მმართველი პარტიის ხელმძღვანელობასთან. ფაქტობრივად, მნიშვნელოვანი დაპირება მოვისმინე მმართველი პარტიისგან, რომ დიალოგი გაგრძელდება და დიალოგის შედეგად მიღწეული იქნება ხელშესახები შედეგები. საარჩევნო სისტემა იქნება უფრო პროპორციული, რომელიც მოემსახურება გაცილებით ბალანსირებული შედეგების მიღწევას არჩევნების დროს“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
ამასთან, კუბილიუსის განმარტებით, აუცილებელია, საარჩევნო სისტემის მიმართ ნდობა, რომელიც დაიკარგა, აღდგეს.
„მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო თავისი დაპირების შესრულება, რომელიც უკავშირდებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემის განხორციელებას, რის გამოც ნდობა დაიკარგა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამიტომ, აუცილებელია, ნდობა კვლავ აღდგეს. ასევე, მსურს ხაზი გავუსვა, რომ პრინციპი – „მეტი მეტისთვის და ნაკლები ნაკლებისთვის“, გახლავთ ძალიან პრაქტიკული და მკაცრი, რომელიც გულისხმობს მეტს უფრო მეტისთვის და ნაკლებს ნაკლებისთვის“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.