ანდრიუს კუბილიუსი - ხვალიდანვე თუ არ გადავდგამთ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციისკენ რეალურ ნაბიჯებს, ამ ქვეყნების მომავალს მსხვერპლად შევწირავთ პუტინის დაშოშმინებას
ხვალიდანვე თუ არ გადავდგამთ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციისკენ რეალურ ნაბიჯებს, ამ ქვეყნების მომავალს მსხვერპლად შევწირავთ პუტინის დაშოშმინებას, – ამის შესახებ ლიეტუველმა ევროდეპუტატმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების კონცენტრირებისა და რუსეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის თაობაზე დებატები გაიმართა.
„პუტინი, რომელმაც დაიწყო ომი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, ახლა ითხოვს, რომ ამ ქვეყნებმა არ უნდა იზრუნონ უსაფრთხოებაზე და დასავლეთმა ისინი უნდა მიატოვოს. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას და არა ქართველებმა და უკრაინელებმა. მზად ვართ, დავთანხმდეთ კრემლის მუქარებს და შანტაჟს, საქართველოს და უკრაინის მომავალთან დაკავშირებით? მზად ვართ, გადავდგათ მორიგი ნაბიჯები პუტინის დაშოშმინების სტარტეგიაში? ჩვენ ვიცით, სად მიიყვანა ჰიტლერის დაშოშმინებას სტრატეგიამ არა მხოლოდ ევროპა, არამედ მთელი მსოფლიო. ამის კულმინაცია იყო, როდესაც ჰიტლერმა დაიწყო შანტაჟი ჩეხეთ-სლოვაკეთის მომავალით და დასავლეთი დანებდა.
ახლა პუტინი დასავლეთს აშანტაჟებს უკრაინის მომავლით – მზად ვართ, კიდევ ერთხელ დავნებდეთ? თუ არა, მაშინ ახლა ნამდვილად აღარ არის საკმარისი იმის თქმა, რომ ნატო და ევროკავშირი არ მოუსმენენ რუსეთის მოთხოვნებს. ახლა დროა, რეალური ნაბიჯები გადავდგათ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციისთვის და ეს ხვალ დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიდან უნდა დავიწყოთ. ასევე უნდა წავიწიოთ წინ ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის საკითხზე. ეს თუ არ მოხდება, მაშინ ცხადი გახდება, რომ ამ ქვეყნების მომავალი რეალურად მსხვერპლად შესწირეს პუტინის დაშოშმინებას.
2008 წელს პუტინის დასამშვიდებლად ნატო-მ მიიღო გადაწყეტილება, არ მიიწვიოს ალიანსში საქართველო და უკრაინა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა პუტინმა, რომ მას შეუძლია, დაიწყოს ომები საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. ახლა ვხედავთ, ამ დამშვიდებას მხოლოდ ახალი მუქარები და შანტაჟი მოაქვს. ჩვენ თუ დავნებდებით, მაშინ დაგვეკისრება პასუხისმგებლობა რეალური აგრესიული ფაშიზმის ხელახლა შექმნაზე 21-ე საუკუნეში და ყველა იმ ტრაგედიაზე, რომელიც ევროპაში მომავალში დატრიალდება“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.