ანდრიუს კუბილიუსი - ე.წ. გაფართოების გადაღლილობა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მიმართ, იყო ძალიან დიდი შეცდომა
ანდრიუს კუბილიუსი - ე.წ. გაფართოების გადაღლილობა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მიმართ, იყო ძალიან დიდი შეცდომა

გაფართოება არის ევროკავშირის ყველაზე ეფექტური საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი და უნდა დაბრუნდეს ამბიციურ, დინამიურ გზაზე, – ამის შესახებ ევროდეპუტატმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა ევროპარლამენტში გამართული სხდომის დროს, სადაც ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგია განიხილეს.

როგორც ანდრიუს კუბილიუსმა აღნიშნა, კარგია, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ წარსული შეცდომების გათვალისწინება დაიწყო.

„ამ სტრატეგიის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი მკაფიოა — გაფართოება არის ევროკავშირის ყველაზე ეფექტური საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი. გაფართოება უნდა დაბრუნდეს ამბიციურ და დინამიურ გზაზე, როგორც ეს იყო ცენტრალური ევროპისკენ გაფართოების დროს. ე.წ. გაფართოების გადაღლილობა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მიმართ, იყო ძალიან დიდი შეცდომა. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გადაწყვიტა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაეწყო. კარგია, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ დაიწყო წარსული შეცდომების გათვალისწინება. ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტში გამოსვლისას ღიად განაცხადა, რომ ომამდე ევროკავშირს არ ჰქონდა სათანადო და სწორი პოლიტიკა უკრაინის მიმართ, რადგან ეს პოლიტიკა რუსეთის მიმართ პოლიტიკას იყო დაქვემდებარებული. რუსეთის მიმართ პოლიტიკა საერთოდ არ არსებობდა, რადგანაც თქვენ ძალიან იყავით დამოკიდებულები რუსულ გაზზე. ახლა ეს დამოკიდებულება გაქრა. ძალიან კარგია, რომ გვესმის ამბიციური განცხადებები ევროკავშირის გაფართოების შესახებ უკრაინაში, მოლდოვაში და დასავლეთ ბალკანეთში. ეს განცხადებები ისმის ჯოზეფ ბორელისგან, ურსულა ფონ დერ ლაიენისგან და ოლაფ შოლცისგან. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ ამბიციას გამოხატავენ ევროკავშირის ინსტიტუტები და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც. მე არ მესმის მიზეზები, რატომ არ შეიძლება ევროკავშირმა დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ უკრაინასთან და მოლდოვასთან უკვე მომავალი წლის შუა პერიოდში, – აღნიშნა კუბილიუსმა.