ანდრიუს კუბილიუსი - არ შეიძლება, ერთი მხრივ, მხარს უჭერდე უკრაინას და თან მილიონობით ევროს გზავნიდე პუტინის ჯიბეში გაზისა და ნავთობის შესყიდვით
ვფიქრობ, რომ აუცილებელია, რუსეთისგან გაზისა და ნავთობის ყიდვაზე უარი ვთქვათ, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა.
ლიეტუველი ევროპარლამენტარის თქმით, „არ შეიძლება, ერთი მხრივ მხარს უჭერდე უკრაინას და იარაღს უგზავნიდე და იმავდროულად, წარმოუდგენელია, მილიონობით ევროს გზავნიდე პუტინის ჯიბეში გაზისა და ნავთობის შესყიდვით“.
„ახლა თითოეული დღე, როდესაც ყოველდღიურად დაახლოებით 600 მილიონ ევროს ვაგზავნით, ნიშნავს, რომ ყოველდღე პუტინისთვის 400 ახალ ტანკს ვყიდულობთ და მაშინ შეუძლებელია, გქონდეს პოზიცია, რომ უკრაინელები არა მხოლოდ საკუთარი გადარჩენისთვის, არამედ ჩვენი გადარჩენისთვისაც იბრძვიან.
აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ემბარგო იქნება მიღწეული. შესაძლოა, პირველად ნავთობსა და ნახშირზე, გაზზე კი, უფრო მოგვიანებით, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, აკრძალვა იქნება მიღწეული, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რამდენიმე კვირის წინ თქვა. მან განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი შეწყვეტს ბუნებრივი აირით ევროპის მომარაგებას, ევროპა გადარჩება, ევროპა უსაფრთხო მხარეს დარჩება; ვფიქრობ, ევროპა მოვლენების ამგვარი განვითარებისთვის მზად არის. ამიტომ მოდით, ავამოქმედოთ ჩვენი მორალური ვალდებულება ახლა“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.