ანდრიუს კუბილიუსი - ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არა მხოლოდ მელიას გათავისუფლება, არამედ საქართველოს მომავალია
ანდრიუს კუბილიუსი - ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არა მხოლოდ მელიას გათავისუფლება, არამედ საქართველოს მომავალია

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არა მხოლოდ მელიას გათავისუფლება, არამედ საქართველოს მომავალია, – ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა და ლიეტუვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საქართველოს რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

ევროდეპუტატი კუბილიუსი ამბობს, რომ ნიკა მელია აუცილებლად კანონის სრული დაცვით უნდა გათავისუფლდეს.

ამასთან, ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდებს, გადახედონ პოზიციას და არ შეუწყონ ხელი კრიზისის გახანგრძლივებას.

„ჩემი რჩევა იქნება, შეხედეთ ყველაფერს სტრატეგიულად, საქართველოს მომავლის გათვალისწინებით. გაითვალისწინეთ, რომ ეს იყო შარლ მიშელის, ანუ ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელი პირის ძალისხმევა. რაც წერია შეთანხმებაში და რა წინადადებითაც გამოდის შარლ მიშელი, უნდა აღიქვათ ძალიან სერიოზულად. მე არ ვიცი დეტალები, როგორ უნდა გადაიჭრას მელიას სიტუაცია, მაგრამ მხოლოდ ერთ გზას ვხედავ. ეს უნდა გაკეთდეს ყველა ლეგალური პროცედურისა და კანონის დაცვით. თუ არის საშუალება, რომ ეს მოხდეს ამნისტიით, ეს უნდა გაკეთდეს. მე ბევრი მეგობარი მყავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ჩემი სურვილია, რომ მათ გადაეხედათ მათი მიდგომისთვის, გადაეხედათ მათი პოზიციისთვის. მე მესმის მათი ემოციები, მაგრამ მჯერა, რომ მელია ამა თუ იმ გზით გათავისუფლდება, ეს უკვე შეთანხმებულია, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ მელიას გათავისუფლება, არამედ საქართველოს მომავალი, საქართველოს ინტეგრაცია და „ნაციონალური მოძარობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა ამ პროცესებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის საქართველოს მომავალი, რაც ახლა სასწორზე დევს. ის შესაძლებლობები, რომელთა შექმნასაც ჩვენ ვცდილობთ საქართველოს ინტეგრაციისთვის, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და კარგი იქნება, თუ საქართველოს პოლიტიკური საზოგადოება ამას სათანადოდ გააცნობიერებს“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

კუბილიუსის თქმით, საქართველოში კრიზისის გაჭიანურება ყველაზე მეტად კრემლს და პირადად ვლადიმერ პუტინს აწყობს, რაც საქართელოს პოლიტიკურმა საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს.

მისივე განცხადებით, დღეს, ფედერაციის საბჭოზე რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული მუქარანარევი განცხადებები აჩვენებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება გამოწვევის წინაშე დგას და ქართველმა პოლიტიკოსებმა კრიზისის გაჭიანურების ნაცვლად, ქვეყნის გაძლიერებაზე უნდა იფიქრონ.

„მე არ დავადანაშაულებდი მათ, ვინც ახლა ჯერ კიდევ ხელმოწერის წინააღმდეგია, ასეთია პოლიტიკა. ეს ქვეყნის შიდაპოლიტიკური საკითხებია, მაგრამ ცხადია, რომ კრიზისის გაჭიანურება საქართველოს არ აძლიერებს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინ იქნება ძალიან ბედნიერი, თუ საქართველო დიდი ხნით იქნება დაკავებული ამ პოლიტიკური კრიზისით. რეალურად, ეს არის კრემლის სურვილი. მე ახლახანს ვუსმინე პუტინის გამოსვლას ფედერაციის საბჭოში, სადაც ის მკაფიოდ ემუქრება ყველას. ჩვენ ვხედავთ, რომ კრემლის განცხადებები სულ უფრო აგრესიული ხდება. ამიტომ, საქართველოს უსაფრთხოება გამოწვევის წინაშეა.  საქართველოს პოლტიკურმა საზოგადოებამ უნდა იფიქროს საქართველოს მეტად გაძლიერებაზე და არა რაიმე პოპულარობის მოპოვებაზე ამ კრიზისის გახანგრძლივებით“, – აღნიშნა ლიეტუველმა ევროდეპუტატმა.

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსთან ექსკლუზიური ინეტერვიუს სრულ ვერსიას მოისმენთ ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“ პარასკევს, 23 აპრილს, 14:00 საათზე, საქართველოს რადიოს ეთერში.