ანდრიუს კუბილიუსი ვარაუდობს, რომ რუსეთი ორ ან ოთხ წელიწადში გამოცდის ნატო-ს თავდაცვისუნარიანობას და შეიძლება, ეს მოიცავდეს ბალტიისპირეთის რომელიმე სახელმწიფოზე თავდასხმასაც
თავდაცვის საკითხებში ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, მომდევნო ორ ან ოთხ წელიწადში გამოცადოს ნატო-ს თავდაცვისუნარიანობა და ეს, შეიძლება, მოიცავდეს ბალტიისპირეთის სახელმწიფოზე თავდასხმასაც.
ამის შესახებ კუბილიუსმა ვილნიუსში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების საჯარო განცხადებებზე დაყრდნობთ, რუსეთის პრეზიდენტი, შეიძლება, მზად იყოს ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის (კოლექტიური თავდაცვა) გამოცდისთვის მომდევნო 2 ან 4 წლის განმავლობაში, 2030 წლამდე.
„ჩვენ, შეიძლება, უბრალოდ ვივარაუდოთ, რომ ასეთ შემთხვევაში ბალტიისპირეთის რომელიმე ქვეყანა იქნება კრემლის ახალი აგრესიის სამიზნე. ეს იქნება აგრესია მთელი ნატო-ს და მთელი ევროკავშირის წინააღმდეგ“, – განაცხადა კუბილიუსმა.
მისივე განმარტებით, ნატო-სა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიტანონ დასკვნა უკრაინაში მიმდინარე ომიდან და დააჩქარონ თავდაცვის გეგმების განხორციელება.