ანდრიუს კალინდრა - ეჭვგარეშეა, რომ 19 აპრილის შეთანხმება უნდა შესრულდეს, ლიეტუვა მზად არის მხარდასაჭერად
ანდრიუს კალინდრა - ეჭვგარეშეა, რომ 19 აპრილის შეთანხმება უნდა შესრულდეს, ლიეტუვა მზად არის მხარდასაჭერად

ორი კვირის წინ საგარეო საქმეთა მინისტრი ლანდსბერგისი იმყოფებოდა საქართველოში. სამ კვირაში ველოდებით ძალიან მაღალ დონეზე კიდევ ერთ ვიზიტს ლიეტუვიდან, რაც საქართველოს მხარდაჭერის გამოხატულებაა, – ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ განაცხადა.

მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმება პოლიტიკოსის გარდა, რიგითი ადამიანის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.

ამასთან, როგორც ანდრიუს კალინდრამ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო და საარჩევნო რეფორმები, რომლებიც შეთანხმებით გათვალისწინებულია, განხორციელდეს.

„ეჭვგარეშეა, რომ 19 აპრილის შეთანხმება უნდა შესრულდეს, რაც ითვალისწინებს როგორც პოლიტიკოსის, ისე რიგითი ადამიანის პასუხისმგებლობას, რომ მხარი დაუჭირონ შეთანხმებას და კონსენსუსს. მოხარული ვართ, რომ კონსენსუსი მიღწეულია. პოლიტიკოსებთან საუბრის დროს ჩვენ ვთხოვეთ მათ, სრული პასუხისმგებლობით მოეკიდონ შეთანხმებას. ლიეტუვა მზად არის მხარდასაჭერად, რადგან კოალიცია ქვეყნის მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. არჩევნების დროს ქართველი ხალხი  აფიქსირებს თავის აზრს თითოეულ პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებით, ასე მუშაობს დემოკრატია ყველგან, მათ შორის საქართველოში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო და საარჩევნო რეფორმები, რომლებიც შეთანხმებით გათვალისწინებულია, განხორციელდეს და ნდობა აღდგეს. მტკიცედ მჯერა, რომ ამასთან ძალიან ახლოს ვართ“, – განაცხადა ანდრიუს კალინდრამ.