ანდრია ჯაღმაიძე - საპატრიარქოში განხეთქილებაზე საუბარი იწვევს ეჭვს, ვინმეს გენერალურ გეგმას ხომ არ წარმოადგენს საქართველოს ეკლესიაში მსგავსი პროცესის დაწყება 
ანდრია ჯაღმაიძე - საპატრიარქოში განხეთქილებაზე საუბარი იწვევს ეჭვს, ვინმეს გენერალურ გეგმას ხომ არ წარმოადგენს საქართველოს ეკლესიაში მსგავსი პროცესის დაწყება 

დღეს საპატრიარქოში მღვდელმთავრები შეიკრიბებიან, ეს არ არის უჩეულო შეკრება და ეს არ არის რაღაცა პირველი პრეცედენტი, პერიოდულად ასეთი შეხვედრები იმართებოდა, თუმცა დღეს უფრო გაფართოვებული იქნება ეს შეხვედრა და დაეთმობა დრო მიმდინარე მოვლენების განსჯას, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

როგორც ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, მღვდელმთავრები იმსჯელებენ ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

„ჩვენ ვიცით, რომ გუშინ მამა გრიგოლი, რომელიც მიავლინა მეუფე სტეფანემ ერთ-ერთ ტაძარში მსახურებისთვის, არ შეუშვეს ტაძარში. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სასულიერო პირები, რომლებსაც მღვდელმთავარმა შეუწყვიტა მღვდელმსახურება, მათ მაინც იმსახურეს, ეს არის უხეში დარღვევა და ელემენტარული ცოდნა სჭირდება იმას, თუკი მათ აპელაციაში შემოაქვთ საჩივარი, ვიდრე აპელაციის შედეგი არ დადგება, უნდა დაემორჩილონ მღვდელმთავრის გადაწყვეტილებას და ეს კიდევ ერთი დარღვევა არის, როდესაც მღვდელმთავრის გადაწყვეტილებას უგულებელყოფს სასულიერო პირი“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე შედეგები და გადაწყვეტილებები არ არის მოსალოდნელი, ეს იქნება მსჯელობისა და განხილვის გარემო.

„ეპისკოპოსები იმსჯელებენ, შეაფასებენ, გადაწყვეტილებები არ იქნება დღეს მიღებული. საპატრიარქოს კრიტიკაში ვინც არიან ჩართული, მათი მხრიდან ისმის მინიშნებები რაღაც საეკლესიო განხეთქილება. უნდა იცოდეთ, რომ ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა ეკლესიაში, სადაც კი მომხდარა ასეთი რამე და ძალიან სამწუხაროა, რომ ერთი და იგივე ხალხი თავდაპირველად საუბრობდნენ განხეთქილების საშიშროებაზე უკრაინის ავტოკეფალიასთან საქართველოს პოზიციაზე დამოკიდებულებით, ანუ ამბობდნენ, გააჩნია, რა პოზიციას დაიკავებს საქართველოს სინოდი. ახლა სხვა თემა არსებობს და კვლავ ისმის განხეთქილების შესახებ საუბარი, ეჭვს იწვევს ვინმეს გენერალურ გეგმას ხომ არ წარმოადგენს საქართველოს ეკლესიაში მსგავსი პროცესის დაწყება და ხომ არ ხდება ისე, რომ ეძებენ საშუალებას, თემას და მიზეზს, რომ როგორღაც ეს პროცესი დაიწყოს“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.