ანდრი პარუბი – როცა ევროპასა და აშშ-ში პარტნიორებთან ვიმუშავებთ და ერთი ხმით ვისაუბრებთ, ჩვენს ხმას უფრო კარგად გაიგონებენ

19:44, 05.10.2018

საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ერთმანეთთან კონსულტაციები უნდა გამართონ და ერთმანეთს მხარი დაუჭირონ, რათა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გვქონდეს არა კონკურენციის, არამედ თანამშრომლობისა და მხარდაჭერის შეგრძნება,- ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის რადას თავმჯდომარემ ანდრი პარუბიმ განუცხადა.

პარუბის თქმით, საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შექმნის შემდეგ, სამუშაო მხოლოდ პოლიტიკურ დონეზეა.

„ის ინსტიტუცია უნდა შეიქმნას, რომელიც ქვეყნებს შორის თანამშრომლობას საფუძველს დაუდებს. უკრაინას თავისი გამოცდილება გააჩნია. ჩვენთან საპარლამენტთაშორისო ასამბლეა მოქმედებს – პოლონეთი, უკრაინა, ლიტვას ჩართულობით. ამ ფორმატში ერთობლივი სამხედრო ბატალიონი შევქმენით, რომელიც ახლა უკრაინელ სამხედროებს გვეხმარება.

წინ ძალიან ბევრი ამოცანა გველოდება, რომელსაც უნდა მივაღწიოთ. ვაშინგტონში ყოფნის დროს, ჰიბრიდული აგრესიის გაწევის წინააღმდეგ ერთიანი სტრატეგიულ ცენტრის შექმნაზეც ვისაუბრეთ. ეს ჩვენს წინაშე ძალიან დიდი გამოწვევაა. ეს არის არა მხოლოდ მილიტარული საფრთხე და საოკუპაციო ჯარი, არამედ კიბერუსაფრთხოება, საინფორმაციო და ჰუმანიტარული უსაფრთხოება. როცა ევროპასა და ამერიკაში პარტნიორებთან ვიმუშავებთ და ერთი ხმით ვისაუბრებთ, ჩვენს ხმას უფრო კარგად გაიგონებენ. საერთო გამოწვევები და საერთო მომავალი გვაქვს. როცა ერთი ხმით ვისაუბრებთ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორები ჩვენ ხმას უფრო სწრაფად და უფრო უკეთესად გაიგონებენ.

დარწმუნებული ვარ, ჩვენს სტრატეგიულ მიზანს ერთად უფრო სწრაფად მივაღწევთ, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანება. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას ერთობლივად ვასრულებთ და ძალიან რთულ რეფორმებს ვახორციელებთ”, – განაცხადა პარუბიმ.

მსგავსი