ანდრეს კარასკო - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივრებმა „დინამო თბილისით“ კვლავ იამაყონ #1TVSPORT
გამოცემა infobae-მ „დინამო თბილისის“ ახალ მთავარ მწვრთნელს, ანდრე კარასკოს ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც ესპანელმა სპეციალისტმა ქართულ კლუბში თავის მიზნებზე ისაუბრა.
ანდრეს კარასკო „დინამო თბილისის“ მეოთხე ესპანელი მწვრთნელია 2011 წლიდან. კატალონიელი ქუვეითის ნაკრების ყოფილი დამრიგებელია და მას თურქეთში, უკრაინასა და ავსტრალიაშიც უმუშავია.
„ასეთი მდიდარი ისტორიის მქონე კლუბში მწვრთნელობა პრივილეგიაა. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი და ახლა ჩემი ოცნება ახდა“, – განაცხადა კარასკომ.
კარასკო, რომელიც „დინამოს“ ახალგაზრდულ აკადემიას ათი წლის წინ ხელმძღვანელობდა, საქართველოში ესპანელი ალექს გარსიას მიწვევით ჩამოვიდა. 45 წლის ესპანელმა გიორგი ჭიაბრიშვილი შეცვალა, რომელიც ევროტურნირზე ყაზახეთის „ასტანასთან“ და შემდეგ მალტის „ჰამრუნთან“ წაგების შემდეგ წავიდა.
თბილისელები მესამე ადგილზე არიან ჩემპიონატში. კარასკო ხაზს უსვამს, რომ ისტორიულ გუნდს შეუძლია, მხოლოდ პირველობაზე იფიქროს, რადგან „დინამოს“ მსგავსი კლუბისთვის სხვა პოზიცია მიუღებელია: „ქართველი და ესპანელი ფეხბურთელები ტექნიკური მახასიათებლებით ერთმანეთს ჰგვანან, თუმცა ქართველებმა გუნდურად უკეთ უნდა ითამაშონ“.
კარასკო იყო „დინამოს“ აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საიდანაც ხვიჩა კვარაცხელიაც გამოვიდა. ესპანელი სპეციალისტი ევროტურნირებზე „დინამო თბილისის“ ფიასკოსაც შეეხო.
„ბევრი ფაქტორია. არსებობს ხასიათის პრობლემა. ფეხბურთელების ნაწილს არ აქვს იმედი, რომ საკლუბო დონეზე მნიშვნელოვან მატჩებს მოიგებენ. ასევე, ადგილობრივი ჩემპიონატი არ არის სათანადო დონის და ბევრ გულშემატკივარს არ იზიდავს. ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქომაგებმა „დინამოს“ თამაშით კვლავ იამაყონ.
ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ძველი დიდებისგან. თუ მოვახერხებთ ახალი ვარსკვლავების მოყვანას, მოხარული ვიქნები. შევეცდები, აკადემიიდან კარგი ფეხბურთელები პირველ გუნდში დავაწინაურო“.
კარასკომ კომენტარი მშობლიური გუნდის, „ბარსელონას“ შესახებაც გააკეთა: „იმედი მაქვს, რომ ამ სეზონში, ჩავისთან ერთად, „ბარსელონა“ წარმატებას მიაღწევს არა მხოლოდ ლა ლიგაში, არამედ ჩემპიონთა ლიგაზეც“.