ესპანელმა ფეხბურთელმა, ანდრეს ინიესტამ იაპონური გუნდი „ვისელ კობე“ დატოვა. ლეგენდარულ მოთამაშეს აზიურ გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა.
ინიესტა „ვისელ კობეში“ 2018 წელს მას შემდეგ გადავიდა, რაც „ბარსელონასთან“ ხელშეკრულება დაუსრულდა. იაპონური გუნდის შემადგენლობაში მან 134 შეხვედრა ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.
39 წლის ინიესტამ იაპონიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრის მანძილზე მოედანზე მხოლოდ 94 წუთი გაატარა.
„მსურს, მადლობა გადავუხადო იმ ქომაგებს, რომლებიც მუდამ ჩემ გვერდით იყვნენ. ბოლო ხუთ წელში აქ უამრავი შესანიშნავი მოგონება დავაგროვე“, – განაცხადა ინიესტამ.
ესპანელი ფეხბურთელი საკუთარი ქვეყნის ნაკრებთან ერთად ორჯერ – ევროპის, ხოლო 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის ფინალში ესპანეთმა ნიდერლანდები მისი გოლით დაამარცხა. 2012 წელს კი ინიესტა ევროპირველობის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.