ანდრეი სიბიგა – ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვა და რუსეთის აგრესიის ხელშემწყობები სანქციების სიაში უნდა დარჩნენ

22:25, 14.09.2026

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვა და რუსეთის აგრესიის ხელშემწყობები სანქციების სიაში უნდა დარჩნენ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

სიბიგას განცხადებით, რუსეთის რეჟიმთან დაკავშირებული ისეთი საკვანძო ოლიგარქებისთვის, როგორებიც ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი არიან, სანქციების მოხსნა რთული გასაგებია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, მისივე თქმით, რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ტერორს აძლიერებს და ქვეყნის ეკონომიკის გასანადგურებლად მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებს.

„პერსონალური სანქციები ეფექტური ინსტრუმენტია იმ პირების სათითაოდ შესაკავებლად, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას ასაზრდოებენ. ამ პირების ვინაობა უნდა დასახელდეს და მათ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. ინდივიდუალური სანქციების მოქმედების ვადის ამჟამინდელი 6 თვიდან 12 თვემდე გაგრძელება კრემლს მკაფიო სიგნალს გაუგზავნიდა, რომ რუსეთის უგუნური ესკალაცია ევროპას არ აშინებს“, – აღნიშნა ანდრეი სიბიგამ.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სანქციები მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როდესაც ისინი უზრუნველყოფენ გრძელვადიან, მდგრად და შეუქცევად ზეწოლას იქამდე, სანამ რუსეთი აგრესიას განაგრძობს. მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპა რისკავს, ჩაერთოს ზუსტად იმ თამაშში, რომლის თამაშიც რუსეთს სურს.

 

მსგავსი