ანდრეი სიბიგა - რუსეთს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, არ აქვს და არც ექნება ვეტოს უფლება ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩვენს არჩევანზე
ანდრეი სიბიგა - რუსეთს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, არ აქვს და არც ექნება ვეტოს უფლება ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩვენს არჩევანზე

რუსეთს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, არ აქვს და არც ექნება ვეტოს უფლება ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ჩვენს არჩევანზე, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სიბიგას თქმით, უკრაინა არ მიიღებს უკრაინის სუვერენიტეტის, შიდა და საგარეო პოლიტიკაში რაიმე შეზღუდვას, განსაკუთრებით იმ კავშირებისა და ალიანსების არჩევანის კუთხით, რომელთანაც უკრაინას შეერთება სურს.

„დიახ, შესაძლოა, ამჟამად არ გვქონდეს კონსენსუსი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე, მაგრამ მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ მის მისაღწევად. რუსეთს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, არ აქვს და არც ექნება ვეტოს უფლება ჩვენს არჩევანზე“, – განაცხადა სიბიგამ.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა, უპირობოდ შეწყვიტოს ცეცხლი.

„ეს რუსეთია, რომელიც არ არის მზად და მიისწრაფვის ომისკენ. უკრაინა არ წავა ე.წ. მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად. მშვიდობის პირობების შესახებ ქვეყნის პრინციპული პოზიციები რჩება მკაფიო და უცვლელი. პირველ რიგში, ჩვენ არ ვაღიარებთ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიებად; ჩვენ არ დავთანხმდებით უკრაინის თავდაცვის ძალების სტრუქტურის, რაოდენობის და სხვა მახასიათებლების რაიმე შეზღუდვას, თავდაცვითი მრეწველობის, მოკავშირეების სამხედრო დახმარების ან მათი კონტინგენტის ჩვენს ტერიტორიაზე ყოფნის შეზღუდვას“, – აღნიშნა სიბიგამ.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთი მანიპულირებს, როდესაც იწყებს რამდენიმე დღით ცეცხლის შეწყვეტას, რადგან ამის უკან არ დგას ომის დასრულების სურვილი.

„ამჟამად ჩვენ ვხედავთ კრემლის მანიპულაციების ახალ ჰიბრიდულ ტაქტიკას, როდესაც ჩვენ გვთავაზობენ ცეცხლის „სააღდგომო“ ან „საზეიმო“ შეწყვეტას“, – განაცხადა სიბიგამ.

მისივე თქმით, უკვე ჩანს, როგორ იზრდება მთელ მსოფლიოში გაგება იმისა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ მანიპულაცია და რუსეთის მხრიდან აშკარა დაცინვაა აშშ-ისა და სხვა პარტნიორების სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ.

„საჭიროა, გავზარდოთ ზეწოლა მოსკოვზე. სამხედრო შეკავება და ეკონომიკური ზეწოლა შეძლებს ამის გაკეთებას და აგრესიის გაფართოებას შეუძლებელს გახდის“, – განაცხადა სიბიგამ.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაში მოკავშირეების სამხედრო კონტინგენტის პოტენციური განლაგების შესახებ ისაუბრა. სიბიგას თქმით, ვერცერთი გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმება ვერ იქნება შესაძლებელი უსაფრთხოების საიმედო გარანტიების გარეშე.

„მოკავშირეების სამხედრო კონტინგენტი უნდა იყოს ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე. დღეს ჩვენ ვაწარმოებთ კონკრეტულ კონსულტაციებს „მსურველთა კოალიციაში“ შემავალ მოკავშირეებთან“, – განაცხადა სიბიგამ.

როგორც ანდრეი სიბიგამ აღნიშნა, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია აშშ-ის მხარდაჭერის შენარჩუნება. მისივე თქმით, აშშ-თან წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისას ორმხრივად მისაღები ტექსტის შემუშავება მოხერხდა.

„ის არ შეიცავს რაიმე შეზღუდვებს უკრაინის სუვერენულ უფლებებზე წიაღისეული რესურსების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და სხვა საკითხების შესახებ“, – აღნიშნა სიბიგამ.

საკითხზე საუბრისას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ შეთანხმება შეესაბამება უკრაინის საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს ევროკავშირის წინაშე და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიულ კურსს.