ანდრეი სიბიგა – პუტინის დაბადების დღეზე რუსმა გენერლებმა მას საყვარელი საჩუქარი მიუტანეს, ომის დანაშაულები, ასობით რაკეტითა და დრონით დაარტყეს საცხოვრებელ შენობებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, გასულ ღამეს უკრაინის ქალაქებზე მიტანილ იერიშებს, სულ მცირე, ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„პუტინის დაბადების დღეზე რუსმა გენერლებმა მას საყვარელი საჩუქარი მიუტანეს: ომის დანაშაულები. ასობით რაკეტითა და დრონით მასირებულად დაარტყეს საცხოვრებელ შენობებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას კიევში, დნეპრში, ზაპოროჟიეში, კრემენჩუკსა და პრილუკიში“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი
ანდრეი სიბიგამ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთის ტერორი უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა პარტნიორ სახელმწიფოებს ასევე მოუწოდა, რუსეთის ბალისტიკური რაკეტების მწარმოებელ ობიექტებს სანქციები გაუმკაცრონ.
„ამ თავდასხმის შემდეგ მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, პუტინს ნამდვილი საჩუქრები გადასცენ, რაც მას ომის ნაცვლად დიპლომატიის არჩევაში საბოლოოდ დაეხმარება: უფრო მკაცრი სანქციები მის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების მწარმოებელ ობიექტებსა და „რასვეტის“ სატელიტურ სისტემაზე, ასევე უკრაინის უფრო ძლიერი მხარდაჭერა, მათ შორის ყველა სახის საჰაერო თავდაცვისა და ზამთრის წინ ენერგეტიკული დახმარება“, – წერს ანდრეი სიბიგა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბოლო საჩუქარი ჰააგის სასამართლო იქნება.