ანდრეი სიბიგა კითხვაზე, ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი, პასუხობს, რომ უკრაინა ცნობს სახელმწიფოებს
ანდრეი სიბიგა კითხვაზე, ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი, პასუხობს, რომ უკრაინა ცნობს სახელმწიფოებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ კიევი ქართველ ხალხს უჭერს მხარს და არ სჯერა ძალაუფლების ისეთი მოდელების, რომლებიც ხალხის ნების საწინააღმდეგოდ არის აგებული.

ამის შესახებ ანდრეი სიბიგამ „უკრაინსკა პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომლის ფარგლებში ჟურნალისტი დაინტერესდა, „ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი?“

„უკრაინა მხარს უჭერს ქართველ ხალხს. ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას ვგმობთ. ვგმობთ მრავალრიცხოვან დარღვევას საპარლამენტო არჩევნების დროს, ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების არაპროპორციულ რეპრესიებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ყურადღებით შევისწავლეთ ეუთო-ს დასკვნა, რომელიც ნათლად მიუთითებს ამ მრავალრიცხოვან დარღვევაზე. მათი მთავარი რეკომენდაციაა ახალი არჩევნების ჩატარება პრობლემების ძირეული მიზეზის აღმოსაფხვრელად. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არცერთ ქვეყანას, განსაკუთრებით კი რუსეთს, არ აქვს უფლება, ვეტო დაადოს ხალხის გეოპოლიტიკურ არჩევანს, ქვეყნის მონაწილეობას საერთაშორისო გაერთიანებებში და ალიანსებში. ამიტომ ჩვენი რეაქცია ხელისუფლების ქმედებებზე იყო მკაცრი. ჩვენ დავაწესეთ სანქციები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაში ეჭვმიტანილ პირებზე. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, უკრაინა ცნობს სახელმწიფოებს“, – განაცხადა სიბიგამ.

კითხვაზე, არსებობს მოქალაქე, რომელიც პრეტენზიას აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტია, აქვს თუ არა უკრაინას მასთან რაიმე კონტაქტები, ანდრეი სიბიგამ თქვა, რომ „უკრაინა ქართველ ხალხს უჭერს მხარს“.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს. დემოკრატიული ღირებულებების დადასტურება, ადამიანის უფლებების დაცვა და სტანდარტების დაცვა ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, რომელმაც თავისი მაიდანის პროტესტი გამოიარა, ცარიელი სიტყვები არ არის. ამიტომ მე არ მჯერა არცერთი წარმატებული ხელისუფლების და არ მჯერა ძალაუფლების მოდელების, რომლებიც ხალხის ნების საწინააღმდეგოდ არის აგებული. ჩვენ ასევე დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებაა. შემიძლია დავამატო, რომ ჩვენი მიდგომა ევროკავშირის მიდგომაზე იქნება დაფუძნებული. როგორც სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობისკენ მიისწრაფვის, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ევროკავშირის პოლიტიკური შეფასებებითა და განცხადებებით ვიხელმძღვანელოთ“, – განაცხადა სიბიგამ.