ანდრეი სიბიგა კანადაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებს შეხვდა და ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასთან ერთად, კორუფციასთან ბრძოლის შესახებ უკრაინის მთავრობის პოზიცია გააცნო
ანდრეი სიბიგა კანადაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებს შეხვდა და ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასთან ერთად, კორუფციასთან ბრძოლის შესახებ უკრაინის მთავრობის პოზიცია გააცნო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა კანადაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებს შეხვდა და მათ, ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასთან ერთად, კორუფციასთან ბრძოლის შესახებ უკრაინის მთავრობის პოზიცია გააცნო.

მისი თქმით, კოლეგებს განუცხადა, რომ უკრაინაში კორუფციულ სკანდალში მონაწილე პირები დაისჯებიან.

„ჩვენს პარტნიორებს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების, სამშვიდობო ძალისხმევისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ვაცნობე. დავადასტურე, რომ კორუფციულ სქემაში ჩართული პირები პასუხისგებაში მიეცემიან. ეს არის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის და ჩვენი მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილება“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე.

ამასთან, ანდრეი სიბიგამ ევროპელ მოკავშირეებს მუდმივი მხარდაჭერისა და მოსკოვზე ზეწოლის გაზრდისთვის მადლობა გადაუხადა და კოლეგები უკრაინაში მიიწვია.

„მადლიერები ვართ ჩვენი ევროპელი მოკავშირეების მუდმივი მხარდაჭერისა და მოსკოვზე ზეწოლის გაზრდისკენ გადადგმული ნაბიჯებისთვის. განვიხილეთ ევროკავშირის მე-20 პაკეტი და გაყინული რუსული აქტივების სრულად გამოყენების სამუშაოები. ასევე ყურადღება გავამახვილეთ ზამთრის წინ ჩვენი საჰაერო თავდაცვისა და ენერგეტიკული მდგრადობის გაძლიერებაზე, მათ შორის PURL-ისა და SAFE მექანიზმების მეშვეობით. მადლობას ვუხდი მოკავშირეებს, რომლებიც ამზადებენ ახალ სამხედრო დახმარებისა და ენერგეტიკული დახმარების პაკეტებს. ასევე, ჩემი კოლეგები უკრაინაში მოვიწვიე“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.