ანდრეი სიბიგა - ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა ლვოვში უკრაინის მიმართ სოლიდარობის მკაფიო სიგნალები გააჟღერეს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ლვოვში გამართული შეხვედრის დროს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, კანდიდატი ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა უკრაინის მისამართით სოლიდარობის მკაფიო სიგნალები გააჟღერეს.
„ჩვენ ერთად აღვნიშნავთ ევროპის დღეს, კრემლში კი აღლუმი იმართება. პუტინი, შეიძლება, თავს ე.წ. გამარჯვებულად თვლიდეს, მაგრამ მას არ აქვს უფლება, გამარჯვების მონოპოლიზაცია მოახდინოს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
AFP-ს ცნობით, ევროკავშირმა პირობა დადო, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინის სამხედრო მრეწველობის კომპანიებს ერთ მილიარდ ევროს გადაურიცხავს.
„ჩვენ ახლახან გამოვყავით ერთი მილიარდი ევრო უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის, რათა უკრაინამ უკეთესად დაიცვას თავი“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა, რომელმაც დასძინა, რომ დაფინანსება „პირდაპირ მხარს დაუჭერს უკრაინულ სამხედრო მრეწველობის კომპანიებს“.