ანდრეი სიბიგა - ევროკავშირის მასშტაბით უნდა დაწესდეს შესვლის სრული აკრძალვა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში
ანდრეი სიბიგა - ევროკავშირის მასშტაბით უნდა დაწესდეს შესვლის სრული აკრძალვა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში

ევროკავშირის მასშტაბით უნდა დაწესდეს შესვლის სრული აკრძალვა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაში, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ევროპული ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოებისთვისაა საჭირო.

„პირველ რიგში, საქმე ეხება ევროპული სახელმწიფოების გრძელვადიან ეროვნულ უსაფრთხოებას და მათი მოქალაქეების რუსი ბანდიტებისგან დაცვას; მეორეც, ეს არასწორი არჩევანისთვის სწორ ფასს დააწესებს: ყველა რუსმა, რომელიც ხელს აწერს უკრაინაში შეჭრის შესახებ კონტრაქტს, უნდა იცოდეს, რომ ის ასევე ხელს აწერს ევროპაში შესვლის სამუდამო აკრძალვას“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, ანდრეი სიბიგამ მაგალითად მოიყვანა ესტონეთი, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილებები ეროვნულ დონეზე მიიღო.

„ესტონეთმა უკვე აჩვენა ლიდერობა შესაბამისი ეროვნული გადაწყვეტილებების განხორციელებით და იმის დამტკიცებით, რომ მექანიზმი მუშაობს. ახლა დროა, ეს მთელ ევროკავშირზე გავრცელდეს და მოვუწოდებ ჩემს ევროპელ კოლეგებს, ამ ნაბიჯს სერიოზულად მოეკიდონ. საქმე ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებას ეხება“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელ X-ზე.