ანდრეი სიბიგა - ჩვენ ვითხოვთ რუსეთისგან პასუხს ჩვენს დოკუმენტზე ომის დასრულების შესახებ, მათი მხრიდან დუმილი ამტკიცებს ომის გაგრძელების სურვილს
ჩვენ ვითხოვთ რუსეთისგან პასუხს ჩვენს დოკუმენტზე ომის დასრულების შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
სიბიგას თქმით, რუსეთი ჯერ კიდევ არ გამოხმაურებია დოკუმენტს, რომელშიც გადმოცემულია უკრაინის ხედვა ომის დასრულების შესახებ.
„რუსეთი არ გამოეხმაურა ჩვენს დოკუმენტს, რომელშიც გადმოცემულია უკრაინის ხედვა ომის დასრულების შესახებ. ჩვენ გავუგზავნეთ ის შეხვედრის წინ. შეხვედრის დროს ჩვენმა დელეგაციამ ჰკითხა რუსებს, როგორი იყო მათი მოსაზრებები? მათ არანაირი პასუხი არ გაუციათ არც შეხვედრის დროს და არც მის შემდეგ. ჩვენ რუსეთისგან პასუხს ვითხოვთ. მათი მხრიდან დუმილი ამტკიცებს ომის გაგრძელების სურვილს“, – განაცხადა სიბიგამ.
სიბიგამ აღნიშნა, რომ სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე, უკრაინის მხრიდან კონსტრუქციული წინადადებებზე პასუხის მაგივრად, რუსეთის მხარემ ულტიმატუმების ნაკრები წარადგინა, რომელიც არ განაპირობებს ნამდვილ მშვიდობას.
„ეს ეწინააღმდეგება რუსეთის დაპირებებს, მათ შორის შეერთებული შტატების მიმართ, რომ ამ კვირაში სტამბულში ისინი წარმოადგენდნენ რაღაც რეალისტურს და განხორციელებადს”, – აღნიშნა სიბიგამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს საკმარისი საფუძველია რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისთვის.
„რუსეთი დღემდე უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ შინაარსიან ფორმატს. ეს საკმარისი საფუძველია ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ახლავე შემოიღონ. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მკვლელობები. ახლანდელი შეხვედრები თუ არ მოგვცემს ასეთ შედეგს და არ შეუწყობს ხელს მშვიდობის მიღწევას, უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ აუცილებელია ლიდერების შეხვედრა“, – განაცხადა სიბიგამ.