ანდრეი სიბიგა – ბოლო დროს ბუდაპეშტიდან მოსმენილი ინფორმაცია გვაბნევს, როგორც ჩანს, ვიქტორ ორბანის წასვლის მიუხედავად, მისი ობსტრუქციონიზმის პოლიტიკა კვლავაც ყვავის
ბოლო დროს ბუდაპეშტიდან მოსმენილი ინფორმაცია გვაბნევს, როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ორბანი წავიდა, მისი ობსტრუქციონიზმისა და იზოლაციონიზმის პოლიტიკა კვლავაც ყვავის, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ვიდრე მისი პარტია „ტისა“ ხელისუფლებაშია, ქვეყანაში უკრაინული ნავთობის საცავი არ აშენდება.
სიბიგას თქმით, მადიარის განცხადება ბუდაპეშტისა და კიევის თანამშრომლობას ეჭვქვეშ აყენებს.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ როდესაც პოლიტიკა პრაგმატულ ბიზნესში ერევა, მისგან კარგი არაფერი გამოდის.
„კიდევ ერთი გასაკვირი მოვლენა იყო განცხადებები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს უკრაინულ და უნგრეთის ენერგეტიკულ კომპანიებს შორის ორმხრივ მემორანდუმში შეთანხმებულ პირდაპირ, პრაგმატულ და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. როდესაც პოლიტიკა ერევა პრაგმატულ ბიზნესში, ამისგან კარგი არაფერი გამოდის. ბოლო დროს ბუდაპეშტიდან მოსმენილი ინფორმაცია გვაბნევს. როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ორბანი წავიდა, მისი ობსტრუქციონიზმისა (დაბრკოლებებისა) და იზოლაციონიზმის პოლიტიკა კვლავაც ყვავის“, – აცხადებს სიბიგა.
ამასთან, სიბიგამ კომენტარი გააკეთა მადიარის კიდევ ერთ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ბუდაპეშტმა „კარპატების რვიანში“ გაწევრიანების შესახებ უკრაინისგან მიწვევა მიიღო, თუმცა უარი თქვა მასზე.
„გაკვირვებულები ვართ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის უკრაინის მიმართ გაკეთებული ზედმეტად კონფრონტაციული განცხადებებით. კარპატების ინტეგრაციის ინიციატივა მიზნად ისახავს ჩვენი მთელი რეგიონის განვითარებას, რაც ხელს უწყობს კეთილდღეობას, ურთიერთდაკავშირებას და ურთიერთსასარგებლო პროექტებს კარპატების რვა ქვეყანაში. უნგრეთის მხრიდან ასეთი კატეგორიული უარყოფის მიზეზები უცნობია. ორბანიზმმა წარსულში არც უნგრეთს და არც ფართო რეგიონს არაფერი მოუტანა და არც მომავალში მოუტანს. ამ განცხადებების მიუხედავად, ჩვენ კვლავ ვადასტურებთ უკრაინის მზაობას და ღიაობას უნგრეთთან ურთიერთსასარგებლო, პრაგმატული და პატივისცემით აღსავსე ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მიმართ“,- აცხადებს სიბიგა.