ანდრეი სიბიგა ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდა
ანდრეი სიბიგა ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. როგორც უკრაინელი მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში წერს, შეხვედრის დროს განიხილეს რუსეთის აგრესიის დასრულებისა და სამართლიანი, ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების გზები.

სიბიგამ ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი რომში ივლისში დაგეგმილ უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

„დღეს ბაქოში მიმიღო პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. ჩვენ გვქონდა ღია და დეტალური დისკუსია უკრაინა-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო დღის წესრიგის ძირითად თემებზე. ჩვენ კონკრეტულად გავამახვილეთ ყურადღება იმაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს რუსული აგრესია, დამყარდეს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა. პირადად გადავუხადე მადლობა პრეზიდენტ ალიევს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აზერბაიჯანის მხარდაჭერისთვის, ასევე ზამთრის პერიოდში ჰუმანიტარული და ენერგეტიკული დახმარებისთვის. განვიხილეთ უკრაინა-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების შემდგომი ნაბიჯები. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იქნება აზერბაიჯანის მონაწილეობა უკრაინის აღდგენის წლევანდელ კონფერენციაში, რომელიც რომში 10-11 ივლისს არის დაგეგმილი“, – წერს სიბიგა.