ანდრეი სიბიგა – აზერბაიჯანის როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია
აზერბაიჯანის როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის ურთიერთობები სტრატეგიული ხასიათისაა, როგორც უკვე დაწყებული და განხორციელებული პროექტების, ისე სამომავლო პერსპექტივების თვალსაზრისით. ეს ეხება ენერგეტიკას, ინფრასტრუქტურასა და ჰუმანიტარულ თანამშრომლობას. აზერბაიჯანული ბიზნესი ყოველთვის აქტიურად იყო წარმოდგენილი უკრაინაში და მივესალმებით მისი საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებას. ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებს კონკრეტული წინადადებების პაკეტი შევთავაზეთ. უკრაინა დაინტერესებულია ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციით. მთლიანობაში, მიმაჩნია, რომ აზერბაიჯანის როლი სტრატეგიული მნიშვნელობისაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და დარწმუნებული ვართ, რომ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ“, – განაცხადა სიბიგამ.
სიბიგამ ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და უკრაინა ერთმანეთისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ევროკავშირთან თანამშრომლობის კონტექსტში.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან თანამშრომლობის განვითარება. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ამ მიმართულების გაძლიერებით ვართ დაინტერესებული. დღეს განვიხილეთ, როგორ შეიძლება ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.