ანდრეი სიბიგა - ამერიკის ხელმძღვანელობით ჩვენ შეგვიძლია პროგრესის მიღწევა, ტრამპის გარეშე ამ ომის დასრულება არარეალურია
ჩვენ აბუ-დაბიში, სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების ორი რაუნდი ჩავატარეთ. ჩვენ წინ მივდივართ და მადლიერი ვართ ჩვენი ამერიკელი მეგობრების, რადგან ტრამპის გარეშე ამ ომის დასრულება არარეალურია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება, რისი შანსიც დონალდ ტრამპის უშუალო მონაწილეობით არსებობს.
„ამერიკის ხელმძღვანელობით ჩვენ შეგვიძლია პროგრესის მიღწევა. მაგრამ პარალელურად ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთზე. ჯერ კიდევ არსებობს ამის ინსტრუმენტები. მე ვეთანხმები ამ შეფასებას, რომ რუსეთის მხრიდან სერიოზული მოლაპარაკებების სურვილის ნიშნები არ არსებობს. დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით ჩვენ გვაქვს შანსი, დავაჩქაროთ ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევა და უკრაინა მზადაა ამისთვის. რა თქმა უნდა, მიუღებელია სამშვიდობო შეთანხმება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სანაცვლოდ, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ვსაუბრობთ 20-პუნქტიან გეგმაზე, გვაქვს სამი გადაუჭრელი პუნქტი. ასე რომ, შემდეგ რაუნდში ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ დამატებით ისტორიულ ლექციებს არ მოვისმენთ (რუსეთისგან). ახლა მოქმედების და კონკრეტული გადამწყვეტი ნაბიჯების დროა“, – განაცხადა სიბიგამ.