ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილება სამი უკრაინელი სამხედრო მეთაურის მიმართ სანქციების შესახებ დაუსაბუთებელი და აბსურდულია
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ მკაცრად გააკრიტიკა უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილება სამი უკრაინელი სამხედრო მეთაურის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ.
სიბიგას თქმით, უნგრეთის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და აბსურდულია.
„ჩვენ არ ავიტანთ ჩვენი სამხედროების მიმართ ასეთ უპატივცემულობას. უკრაინა იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები“, – აღნიშნა სიბიგამ.
შეგახსენებთ, უნგრეთმა სამი უკრაინელი სამხედრო მეთაურის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინელ სამხედრო მეთაურებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამხედრო სამსახურში ძალადობრივ გაწვევაზე, რასაც ტრანსკარპატიელი უნგრელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უნგრეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ივნისის შუა რიცხვებში ტრანსკარპატიელი უნგრელი იოჟეფ შებეშტიენი ქუჩაში დააკავეს უკრაინელმა ძალოვნებმა, ძალით წაიყვანეს გაწვევის პუნქტში და სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მას არ სურდა ფრონტზე წასვლა. ის 6 ივლისს მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო სამი დღის შემდეგ მშობლიურ ქალაქში დაკრძალეს.