ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ რუსეთის ნაკრების ჰოკეის ტურნირებზე დაშვებით სპორტული არბიტრაჟის სასამართლო „ყინულს უკრაინელთა სისხლით ღებავს“

13:43, 01.11.2026

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას თქმით, რუსეთის ნაკრების ჰოკეის ტურნირებზე დაშვებით სპორტული არბიტრაჟის სასამართლო „ყინულს უკრაინელთა სისხლით ღებავს“.

განცხადება სიბიგამ საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„რუსეთს ომი არ შეუწყვეტია. მას არ შეუწყვეტია უკრაინელების მკვლელობა. მას ჩვენს ქალაქებზე დაუნდობელი თავდასხმებიც არ შეუწყვეტია. მაშინ, რა შეიცვალა რეალურად ისეთი, რითაც რუსეთის ჰოკეის ეროვნული ნაკრებების საერთაშორისო შეჯიბრებებში დაბრუნება გამართლდება?“, – წერს ანდრეი სიბიგა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მათთვის სპორტული არბიტრაჟის გადაწყვეტილება მიუღებელია, ხოლო აღნიშნული რუსეთს საერთაშორისო ლეგიტიმაციისაკენ გზას გაუხსნის.

„მოვუწოდებ საერთაშორისო სპორტულ საზოგადოებასა და ჩვენს ყველა პარტნიორს, მტკიცე პოზიცია დაიკავონ რუსეთის საერთაშორისო შეჯიბრებებში დაბრუნების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ანდრეი სიბიგამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სხვა ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, რომ რუსი მოთამაშეები საკუთარ ტერიტორიაზე არ შეუშვან.

 

მსგავსი