ანდრეი შევჩენკოს პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილავენ #1TVSPORT
პოლონეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი ცეზარი კულეშა ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრეი შევჩენკოს დანიშვნის ვარიანტს განიხილავს. დღეისთვის უკრაინელი სპეციალისტი იტალიურ „ჯენოას“ ავარჯიშებს.
გაზეთ Przegląd Sportowy-ის მონაცემებით, პოლონურმა მხარემ, შესაძლოა, მოლაპარაკებები გამართოს „ჯენოასთან“ 45 წლის შევჩენკოს კონტრაქტის გამოსასყიდად. ასევე არ არის გამორიცხული ვარიანტი, რომლის მიხედვით ამ საკითხს სეზონის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებიან.
შევჩენკო „ჯენოაში“ 2021 წლის ნოემბრიდან მუშაობს. მისი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა მოქმედი.
პოლონეთის ნაკრები უმწვრთნელოდ დეკემბრის ბოლოს დარჩა, როცა მისი აწ უკვე ყოფილი დამრიგებელი პაულო სოუზა ბრაზილიურ „ფლამენგოს“ ჩაუდგა სათავეში.
პოლონეთის ნაკრებს 24 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პლეიოფის ნახევარფინალი ელოდება რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ.