ანდრეი რუდენკო - ჟენევის პლატფორმის მუშაობაზე მეტყველებს, რომ 2008 წლიდან დღემდე, რეგიონში გასროლა არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ხმაურიანი 
ანდრეი რუდენკო - ჟენევის პლატფორმის მუშაობაზე მეტყველებს, რომ 2008 წლიდან დღემდე, რეგიონში გასროლა არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ხმაურიანი 

ჟენევის პლატფორმა უდავოდ სასარგებლო პლატფორმაა დიალოგის წარმოებისთვის იმ საკითხებზე, რაც რეგიონის უსაფრთხოებას უკავშირდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „შეხვედრა თავისთავად იმის ნიშანია, რომ ადამიანები საუბრობენ და ერთმანეთს არ ეომებიან“.

„რაც შეეხება პროგრესს, უნდა ჩამოვყალიბდეთ, რას ვუწოდებთ პროგრესს და რას რეგრესს. მე ვთვლი, რომ შეხვედრას თავისთავად აქვს დიდი მნიშვნელობა. ეს უდავოდ სასარგებლო პლატფორმაა დიალოგის წარმოებისთვის იმ საკითხებზე, რაც რეგიონის უსაფრთხოებას უკავშირდება. ის, რომ რეგიონში 2008 წლიდან დღემდე გასროლა არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ხმაურიანი მაინც, იმაზე მეტყველებს, რომ ეს პლატფორმა მუშაობს. რაც შეეხება რეგიონის სტაბილურობას, ის დამოკიდებულია დისკუსიების მონაწილე ყველა მხარის პროგნოზირებად ქცევასა და დამატებითი გამაღიზიანებლების არარსებობაზე. ასევე იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც მხარეებს შორის ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრას უკავშირდება.

ჩვენ ვთვლით, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატი ამის საშუალებას იძლევა ისევე, როგორც მუშაობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფში. თავად ის ფაქტი, რომ გახელაძე გათავისუფლდა, ესეც ამ ფორმატში ჩვენი დისკუსიების შედეგია. მე ვიცი ახლა თქვენი რამდენი მოქალაქე ზის ციხეებში, მათ შორის ბებუა გასამართლებულია კონკრეტული დანაშაულებებისთვის აფხაზური კანონმდებლობის თანახმად. ასე რომ, მოდით, შევქმნათ ნდობის ატმოსფერო, რომელშიც უფრო იოლი იქნება ასეთი საკითხების გადაჭრა“, – განაცხადა ანდრეი რუდენკომ.

ცნობისთვის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

დატოვე კომენტარი