ანდრეი პლენკოვიჩი - მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი არ იქნება ელემენტი, რომელიც არსებით გავლენას მოახდენს ევროკავშირის ანგარიშზე
ანდრეი პლენკოვიჩი - მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი არ იქნება ელემენტი, რომელიც არსებით გავლენას მოახდენს ევროკავშირის ანგარიშზე

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, მთავარი ელემენტი არის ანგარიში, რომელსაც ევროკომისია გამოაქვეყნებს, – ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა.

ამასთან, როგორც ანდრეი პლენკოვიჩმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი არ იქნება ელემენტი, რომელიც არსებით გავლენას მოახდენს ანგარიშზე.

„პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტუმრობდა ზაგრებს ზაფხულში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას. მთავარი ელემენტი აქ არის ანგარიში, რომელსაც ევროკომისია გამოაქვეყნებს, როგორც ვიცი, ნოემბრის დასაწყისში, რაც იქნება დისკუსიის ბაზისი პროცესში ჩართული ყველა ქვეყნისთვის. ის, თუ როგორ შესრულდა პირობები, რომლებიც გამოიკვეთა წინა სამიტებზე, დაეხმარება უფრო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დეკემბერში“, – აღნიშნა ანდრეი პლენკოვიჩმა.

მისივე თქმით, კარგია, რომ გრანადის დეკლარაციაში იქნება პარაგრაფი გაფართოებაზე.

„ენა, რომელზეც ვთანხმდებით, არის პოზიტიური და გახსნილი გაფართოეაბასთან დაკავშირებით. ის, რაც პრეზიდენტმა შარლ მიშელმა რამდენიმე დღის წინ სლოვენიაში თქვა, არის ის, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და კანდიდატი ქვეყნები მზად უნდა იყვნენ. ვფიქრობ, ეს არის სიგნალი, რომ ჩვენ, ყველას სამუშაო გვაქვს. ხორვატია ბოლოს შევიდა ევროკავშირში, ეს 10 წლის წინ მოხდა, ახლა ჩვენ ვეხმარებით ყველა ჩვენს მეზობელს, ასევე უკრაინას და მოლდოვას ჩვენი ცოდნით და ტრანსფორმაციის გამოცდილებით, თუ როგორ მოემზადონ უკეთ, როგორ დანერგონ ძირითადი პრინციპები და ააშენონ ინსტიტუციები“, – განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა.