ანდრეი კასიანოვი - მადლობა საქართველოს მთავრობას უკრაინის მხარდაჭერისთვის, საქართველო უზრუნველყოფს ჩვენი ლტოლვილების მოთხოვნებსა და საჭიროებებს
ანდრეი კასიანოვი - მადლობა საქართველოს მთავრობას უკრაინის მხარდაჭერისთვის, საქართველო უზრუნველყოფს ჩვენი ლტოლვილების მოთხოვნებსა და საჭიროებებს

უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი ანდრეი კასიანოვი საქართველოს მთავრობას უკრაინელ ლტოლვილებზე მზრუნველობისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

მისივე თქმით, 3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში 20 723 უკრაინელი მოქალაქე იმყოფება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს, საქართველოს მთავრობას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც აწვდიან უკრაინას. ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს, რადგან საქართველო უზრუნველყოფს ჩვენი ლტოლვილების მოთხოვნებსა და საჭიროებებს. 3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში იმყოფება 20 723 უკრაინელი მოქალაქე. მოქალაქეები, რომლებიც შემოდიან საქართველოს ტერიტორიაზე და მოდიან ჩვენთან, საელჩოში მარიუპოლიდან. ეს მოქალაქეები ძალიან რთული გზებით ჩამოდიან საქართველოში თავშესაფრის მოსაძიებლად. საქართველოში უკრაინის საელჩო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე საქართველოს მთავრობის სტრუქტურებთან. გუშინ შეხვედრა გავმართე მერთან, ბატონ კახა კალაძესთან. საელჩოს დიპლომატები დღეს გაემგზავრნენ ქუთაისში, კვირას გაემგაზვრებიან ბათუმში, რათა საკუთარი თვალით ნახონ და დარწმუნდნენ, რომ უკრაინის მოქალაქეების საჭიროებები საქართველოში სრულად არის დაკმაყოფილებული. ჩვენ გვესმის, რომ ომი არ დასრულდება ერთ კვირაში, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ პერსპექტივებზე და ამ ყველაფერს ჩვენ ვახორციელებთ. ეს არის სწავლის ორგანიზება, საბავშვო ბაღები, სკოლები და სამედიცინო მომსახურება“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

ამასთან, საელჩოში გამართულ ბრიფინგზე ანდრეი კასიანოვმა საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ ჰუმანიტარული სახის დახმარებაზეც ისაუბრა.

„საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს მოქალაქეები, სხვადასხვა ორგანიზაცია აგრძელებენ ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებას და გაგზავნას უკრაინაში. რვა აპრილის მდგომარეობით, საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა 940 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი, გაიგზავნა ოთხი თვითმფრინავი და 49 სატვირთო ავტომანქანა. ამჟამად, საქართველოში უკრაინის საელჩო ყიდულობს სამედიცინო აღჭურვილობებს, საკვებს, რომელიც გაიგზავნება უკრაინაში. უკრაინაში სურსათთან და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სიტუაცია კვლავ ძალიან რთულია. ჩვენ მივმართავთ ყველას, ვისაც აქვს სურვილი შეგროვების – კი ბატონო, შეაგროვეთ და მოგვმართეთ ჩვენ, რომ უზრუნველვყოთ ამ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უკრაინაში“, – აღნიშნა კასიანოვმა.

ანდრეი კასიანოვმა საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა უკრაინის საელჩოს ანგარიშებზე დარიცხული თანხების გამოყენებასთან დაკავშირებითაც.

„მოგახსენებთ ინფორმაცია ჩვენი ანგარიშის გამოყენებასთან დაკავშირებით. რვა აპრილის მდგომარეობით, უკრაინის საელჩოს ცალკეულ ანგარიშზე შემოვიდა 1 626 198 ლარი, 52 866 დოლარი, 1 765 ევრო. საელჩოს განკარგულებაში ანგარიშზე დარჩა 85 476 ლარი, 22 660 დოლარი, 633 ევრო. ხსენებული სახსრები იყო მიმართული შემდეგი საქონლის შესყიდვაზე: სურსათი, თევზისა და ხორცის კონსერვები, ენერგეტიკული სასმელები, წვენები, მზა ფაფები ლობიოთი და სხვა პროდუქტებით. ასევე, მედიკამენტები და სამედიცინო ნაწარმი“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.