ანდრეი კასიანოვი - მადლობა საქართველოს მთავრობას, ქართველ ხალხს, თითოეულ ადამიანს შეაქვს წვლილი ყოველგვარი რეკლამის გარეშე, ამას ვგრძნობთ და ძალიან მადლიერი ვართ
ანდრეი კასიანოვი - მადლობა საქართველოს მთავრობას, ქართველ ხალხს, თითოეულ ადამიანს შეაქვს წვლილი ყოველგვარი რეკლამის გარეშე, ამას ვგრძნობთ და ძალიან მადლიერი ვართ

მადლობას ვუხდით ყველას – საქართველოს მთავრობას, ქართველ ხალხს, ქართულ სასწავლო დაწესებულებებს, ყველა კომპანიას, საპატრიარქოს, საქართველოსა და უკრაინის რიგით მოქალაქეებს, ყველა მოხალისეს, ვინც ახლა აწვდის უკრაინას და უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარულ დახმარებას, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

კასიანოვის თქმით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა 680 ტონა ჰუმანიტარული დახმარება.

„დახმარების ნაწილი გზაშია, ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი ახლაც გროვდება. მინდა, მოგიყვანოთ რამდენიმე მაგალითი: თბილისის მერიამ უკვე შეაგროვა სახსრები და უნდა, რომ გადარიცხოს ეს თანხა კიევის მერიის ანგარიშზე; საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ასევე შეაგროვა დახმარება, საკუთარი წვლილი შეიტანეს ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ხელმძღვანელობამ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა და ბევრმა სხვამ. ეს ყველაფერი არ არის, რაზეც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს. თითოეულ ადამიანს შეაქვს საკუთარი წვლილი ყოველგვარი რეკლამის გარეშე. ჩვენ ამას ვგრძნობთ, ჩვენ ამას ვსაჭიროებთ და ძალიან მადლიერი ვართ ამისთვის. თქვენ იცით, რომ საქართველოშიც იმყოფებიან უკრაინელები, მათი რაოდენობა დაახლოებით 20 000-ია. ეს ზოგადი ციფრია და ყოველდღე იცვლება. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში უკრაინის საელჩო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, იმისათვის, რომ ამ დახმარებას და მხარდაჭერას ჰქონდეს სისტემური ხასიათი“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე.

ანდრეი კასიანოვის თქმით, თითოეული ქართველის მხარდაჭერა მათთვის არის შეუფასებელი.

„თქვენ იცით, რომ უკვე 58 უკრაინელი ბავშვი სწავლობს სკოლაში საქართველოში, 50-ზე მეტი ბავშვის მშობელმა უკვე შეიტანა განაცხადი მათი შვილების სკოლებსა და ბაღებში ჩარიცხვის შესახებ. უახლოეს მომავალში ჩვენ აუცილებლად მოვინახულებთ ამ სკოლებს, გავესაუბრებით ბავშვებს, მათ მშობლებს და სკოლის ხელმძღვანელებს. მადლობას ვუხდით ქართულ მხარეს ასეთი მხარდაჭერისთვის. ახლა მინდა, მივმართო მოძმე, მეგობრულ ქართველ ხალხს – გთხოვთ, უფრო მეტი ისტორია მოგვიყევით, როგორ უჭერთ მხარს საქართველოში ჩვენს ლტოლვილებს. ისტორია იმის შესახებ, თუ რიგითი მოქალაქეები როგორ ეხმარებიან უკრაინელებს, მხარს უჭერენ მათ, ზოგი აბინავებს, ზოგი აწვდის ჰუმანიტარულ დახმარებას, ზოგი კი ეხმარება კეთილი სიტყვით. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი. თითოეული ქართველის ხმა მნიშვნელოვანია, თქვენი ყველანაირი მხარდაჭერა არის შეუფასებელი, ჩვენი დამცველების თითოეული ლოცვა შეუფასებელია. ეს არის ის, რასაც საჭიროებს ახლა უკრაინელი ხალხი და უკრაინა“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.