ანდრეი დემჩენკო - შვეიცარიელი მსაჯის საქციელი ქართული ფეხბურთის მიმართ არასათანადო მოპყრობის მაგალითად მიმაჩნია #1TVSPORT
ანდრეი დემჩენკო - შვეიცარიელი მსაჯის საქციელი ქართული ფეხბურთის მიმართ არასათანადო მოპყრობის მაგალითად მიმაჩნია #1TVSPORT

კონფერენს ლიგაზე ფინურ „კუპსთან” გასვლაზე წაგების (0:2) შემდეგ გორის „დილამ“ განმეორებითი შეხვედრა შინ 0:0 ითამაშა და 2 მატჩის ჯამში ევროტურნირებს გამოეთიშა. გორელთა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ შეხვედრა შეაფასა და გუნდის მიმართ მსაჯების დამოკიდებულებაზეც ისაუბრა.

„მეტოქე კარგად ორგანიზებული იყო, თამაშს კონტრშეტევაზე აგებდა. ჩვენ მომენტები ორივე მატჩში საკმარისად შევქმენით, მაგრამ გატანა ვერ მოვახერხეთ და ფაქტი ისაა, რომ ჩვენს ანგარიშზე 0 გატანილი გოლია. შემტევაში თორნიკე კაპანაძე მატჩისწინა ვარჯიშზე გამოგვაკლდა, სპანდერაშვილს კი ძალიან დიდი დრო გაუცდა, რის გამოც მცდელობების მიუხედავად შედეგს ვერ აღწევდა- რეალობა უნდა მივიღოთ და გუნდში სუსტი მხარეების აღმოფხვრაზე ვიმუშაოთ.

– „კუპსი“ 2:0-ს იგებდა, მატჩის ბოლოს დრო გაჰყავდათ, ყველაფერზე ძირს წვებოდნენ. არბიტრს ერთიც რომ გაეფრთხილებინა, სხვა იმავეს აღარ გაიმეორებდა. მეტოქე მთელი მატჩის განმავლობაში იმიტირებდა, ექიმებს ეძახდა, მაგრამ შედარებაც არ შეიძლება იმასთან, რაც ფინეთში მოხდა. შვეიცარიელი რეფერი ისეთ გადაწყვეტილებებს იღებდა, ლამის ჭკუიდან გადაგვიყვანა. მისი ეს მოქმედებები ქართული ფეხბურთის მიმართ დამოკიდებულების გამოვლენად და ჩვენს მიმართ არასათანადო მოპყრობის მაგალითად მიმაჩნია.

– ცხადია, გუნდში ჩვენი კაპიტანის, ნიკა გაგნიძის დატოვებას ვეცდებით. გასული სეზონის შემდეგ ისედაც 3 ლიდერი დავკარგეთ: ბიძინაშვილი, კამარა და გუგეშაშვილი. ამ დანაკლისს ახლა ვგრძნობთ. ვფიქრობდით, რომ მათ შემცვლელებს ვიპოვიდით, თუმცა როგორც ხედავთ, არ გამოგვივიდა. სამივე საკუთარ პოზიციაზე ძალიან კარგად თამაშობდა და გოლები გაჰქონდათ, ახლა ეს გვაკლია. ნიკა გაგნიძე გუნდის ლიდერია, ახალგაზრდა, აქტიური ნიჭიერი ფეხბურთელია. მას ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს და ვნახოთ როგორი იქნება მისი მომავალი.

– ღუდუშაურის შეცვლის მიზეზი ის იყო, რომ მეტწლიად შეტევაზე ფიქრობდა და დაცვას ნაკლებ ყურადღებას უთმობდა, რის გამოც ჩიტეიშვილს პრობლემები ექმნებოდა. მარტო შეტევაში კარგად თამაში საკმარისი არაა, დაცვაშიც უნდა იმუშაო. ამასთანავე, რამდენიმეჯერ ბურთი უწყინარ სიტუაციაში დაკარგა. მასთან კონფლიქტი არ მქონია, მატჩის შემდეგ ვისაუბრეთ და ვუთხარი, რომ მისი მჯერა, მაგრამ ბოლო შეხვედრებში კარგად არ გამოიყურებოდა. ახალგაზრდაა, მაგრამ ფსიქოლოგიურად უფრო მდგრადი უნდა იყოს და მშვიდად რეგირება მოახერხოს. მე ტოლერანტული მწვრთნელი ვარ, მესმის რომ ახალგაზრდაა, მაგრამ საკუთარ ფსიქოლოგიურ მხარეზე უნდა იზრუნოს, რადგან მსგავსი მოქმედებები ხელს ფეხბურთში შეუშლის“, – ამბობს ანდრეი დემჩენკო.