ანდრეი დემჩენკო - „ლუდოგორეცი“ ძლიერი მეტოქეა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა აჩვენა, რომ მოგება ნებისმიერ გუნდთან შეიძლება #1TVSPORT
ანდრეი დემჩენკო - „ლუდოგორეცი“ ძლიერი მეტოქეა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა აჩვენა, რომ მოგება ნებისმიერ გუნდთან შეიძლება #1TVSPORT

რაზგრადისლუდოგორეცთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე საქართველოს ჩემპიონის, ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ცალსახაა, რომ შესაძლო მეტოქეებიდან ყველაზე ძლიერი შეგვხვდა. „ლუდოგორეცს“ ჩემპიონთა, ევროპისა და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპებზე თამაშის გამოცდილება აქვს. მათ სიძლიერეზე ისიც მეტყველებს, რომ ბულგარეთის ჩემპიონატი ზედიზედ 13-ჯერ მოიგეს.

მოსამზადებლად დიდი დრო არ გვქონდა, მაგრამ ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ საქართველოში სეზონი გრძელდება და გუნდი ტონუსშია, ბულგარეთში კი ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა. პირველი თამაში რაზგრადში გვაქვს და „ლუდოგორეცს“ ქომაგების მხარდაჭერა ექნება, საპასუხო მატჩს ბათუმში ჩავატარებთ, ჩვენთვის ეს მისაღები ვარიანტია – მეორე თამაშში შანსი გვექნება.

უნდა ვაღიაროთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კარგად ვერ ვიმუშავეთ და ამიტომ რამდენიმე ფეხბურთელთან დამშვიდობება მოგვიწია. ამჯერად ნაყოფიერი სასელექციო სამუშაო ჩავატარეთ, მაღალი დონის მოთამაშეები დავიმატეთ, რომლებიც გუნდს უდავოდ გააძლიერებენ. ამას ისიც ადასტურებს, რომ ბოლო სამ საკონტროლო შეხვედრაში ცხრა გოლი გავიტანეთ.

გერმანიაში ევროპის ჩემპიონატმა აჩვენა, რომ ნებისმიერ გუნდს შეუძლია მოგება და ქულების მოპოვება. ამის დასტურია პორტუგალიასთან საქართველოს ნაკრების გამარჯვებაც. ამიტომ მეტოქე უნდა დააფასო, მაგრამ მისი არ უნდა შეგეშინდეს“, – განაცხადა დემჩენკომ პრესკონფერენციაზე.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლუდოგორეცისა“ და ბათუმის „დინამოს“ პირველი მატჩი 10 ივლისს, რაზგრადში თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.