ანდრეი დემჩენკო – კვარაცხელიას განეიტრალება უკრაინისთვის წარმატებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება #1TVSPORT

21:26, 27.09.2026

თბილისის „იბერიის“ ყოფილმა მწვრთნელმა, უკრაინელმა სპეციალისტმა ანდრეი დემჩენკომ საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის მატჩამდე გამოცემა „სპორტთან“ ისაუბრა და ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიას როლზე გაამახვილა.

„საქართველოს ნაკრებში კვარაცხელიას გარდა გამოვარჩევდი ჩაკვეტაძეს, რომელიც ინგლისში კარგად გამოიყურებოდა და ახლა „უდინეზეში“ თამაშობს. იმავეს ვიტყვი „ვილიარეალის“ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეზეც. ასევე დავასახელებ ლოჩოშვილს, რომელიც ბუნდესლიგის „კიოლნში“ გამოდის. ქართველებს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავთ.

ბოლო პერიოდში ნაჩვენები თამაშის საფუძველზე, ვფიქრობ, ხვიჩას რეალურად შეუძლია იბრძოლოს „ოქროს ბურთისთვის“. თუ გავითვალისწინებთ, რა ბრწყინვალედ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონში, ის იმსახურებს, რომ ამ უმაღლეს ინდივიდუალურ ჯილდოზე პრეტენზია ჰქონდეს.

როგორ შეუძლია მალდერას გუნდს ასეთი კლასის მოთამაშის განეიტრალება, როდესაც ჩვენ არ გვყავს ინდივიდუალური ოსტატობით გამორჩეული ფეხბურთელები? უკრაინის მთავარი კოზირი გუნდური თამაში უნდა იყოს.

ხვიჩა საქართველოსთვის ერთდროულად უდიდესი ძალა და პოტენციურად სუსტი წერტილიცაა. თუ უკრაინის ნაკრების ფეხბურთელები შეძლებენ მის განეიტრალებას და მისთვის სათამაშო სივრცის შეზღუდვას, ეს დადებითი შედეგის მიღწევისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება, მეტოქისთვის კი – სერიოზული თავსატეხი. კვარაცხელია საკვანძო ფიგურაა, რომელზეც საქართველოს თამაშია დამოკიდებული“.

მსგავსი