ანდრეი დემჩენკო - გულახდილად რომ ვთქვათ, „ლოკომოტივთან“ იღბალი ჩვენს მხარეს იყო #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში, მე-12 ტურში „დილამ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – გორელებმა „დინამო-არენაზე“ „ლოკომოტივი“ 2:1 დაამარცხეს და გუნდი „დინამო ბათუმს“ დაეწია.
„დილას“ უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ მატჩი შეაფასა:
„კარგი გოლები გავიტანეთ და 2:0 დავწინაურდით. პირველი ტაიმით კმაყოფილი ვარ, მეორეში კი ბურთს ვიგერიებდით. თუმცა, არის მიზეზი, რამაც ჩვენს თამაშზე იმოქმედა. მოედნის ცენტრში პრობლემები შეგვექმნა, რადგან ბიძინაშვილი დაშავდა, სხვა პრობლემებმაც იჩინა თავი. ამის გამო ალეფ სანტოსი, რომელიც მარჯვენა მცველია, უკვე მეექვსე პოზიციაზე ვათამაშე და ამჯერად, ცენტრალურ ნახევარმცველად დავაყენე“, – ამბობს ანდრეი დემჩენკო.
„დილას“ მთავარმა მწვრთნელმა „ლოკომოტივზეც“ ილაპარაკა: „ჩვენთვის თამაში ძალიან რთულად წარიმართა. „ლოკომოტივმა“ ბევრი პრობლემაც შეგვიქმნა, რადგან ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია, ბურთს მშვენივრად აკონტროლებს და თავის მომენტებს კარგად იყენებს. გულახდილად რომ ვთქვათ, წინა ტურში არ გაგვიმართლა, „ლოკომოტივთან“ კი იღბალი ჩვენს მხარეს იყო“.
რევაზ ჩიტეიშვილი, „დილას“ მცველი: „ეს მართლაც ძალიან რთული თამაში გამოვიდა, რა მიზანიც გქვონდა დაგეგმილი, შევასრულეთ. მინდა, ეს გამარჯვება მივულოცო ჩვენს გულშემატკივრებს და ბიჭებს. იმედი მაქვს, რომ შემდეგშიც ასე გავაგრძელებთ“.