„სიონმა“ ისევ მოიგო, კორიფაძემ პენალტით მეშვიდე გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა2-ში მე-11ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართა. მოულოდნელობა არ მომხდარა – ლიდერი „სიონი“ ისევ შეუჩერებელია.

„რუსთავი“ – „გარეჯი“ 3:2

ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში „რუსთავისა“ და საგარეჯოს „გარეჯის“ თამაში დაძაბული გამოდგა და მასპინძლებმა მოიგეს. თუმცა, ინტრიგა ბოლო წუთამდე რჩებოდა. რუსთაველები მე-12 წუთზე მამადუ სეკუმ დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმში გიორგი გოგილაშვილმა (62) უპირატესობა ორამდე გაზარდა. „გარეჯის“ ფეხბურთელმა გიორგი ტყეშელაშვილმა სხვაობა 64-ე წუთზე შეამცირა. „რუსთავის“ ორბურთიანი უპირატესობა 90-ე წუთზე პენალტით პაატა კიტეიშვილმა აღადგინა. საგარეჯოელებმა იბრძოლეს და თორნიკე მოსიაშვილმა 90+1-ე წუთზე სხვაობა ისევ მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ სტუმრებმა მეტი ვეღარ მოახერხეს და „რუსთავმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

„დინამო ზგ“ – „სიონი“ 0:2

ბოლნისის „სიონი“ შეუჩერებელია, ვარლამ კილასონიას გუნდმა განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე ზუგდიდის „დინამოსთან“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში 37-ე წუთზე გახსნა. ეს გიორგი კორიფაძემ მოახერხა, რომელმაც პენალტი უნაკლოდ შესარულა. მან მიმდინარე სეზონში (საქართველოს თასის მატჩის ჩათვლით), შვიდიდან შვიდი პენალტი გამოიყენა. კორიფაძე ამ მატჩის გმირი იყო – მისი გადაცემით 62-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა ზუგდიდის „დინამოს“ კარი მეორედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 12 მატჩში კორიფაძემ ეროვნულ ლიგა2-ში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. 11 ტურის შემდეგ „სიონი“ 30 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და კონკურენტ „გაგრას” 6 ქულით ასწრებს.

ეროვნული ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილი

1. სიონი 11 30

2. გაგრა 11 24

3. ჯორჯია 11 17

4. მერანი მრ 11 16

5. გარეჯი 11 14

6. შევარდენი 11 13

7. დინამო ზგ 11 13

8. რუსთავი 11 11

9. მერანი თბ 11 10

10. ჩიხურა 11 5