გორის „დილამ“ ეროვნული ლიგის 33-ე ტურში „დინამო თბილისთან“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო და თუ სასწაული არ მოხდა, გორელები კონფერენს ლიგის საგზურს ზედიზედ მეორედ მოიპოვებენ.
გორელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკომ 33-ე ტურში მოგებულ მატჩში თავისი გუნდის თამაშის ხარისხით კმაყოფილი დარჩა.
„თბილისელებთან ემოციურად დატვირთული და სანახაობრივი მატჩი გამოვიდა, ერთმანეთს ორი კარგი გუნდი ხვდებოდა და კარგი ხარისხის ფეხბურთი აჩვენეს. ვიმედოვნებ რომ მაყურებელმა დიდი სიამოვნება მიიღო. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, მომენტები ორივე მხარეს იქმნებოდა, თუმცა ფორტუნა ჩვენს მხარეს იყო“, – აცხადებს ანდრეი დემჩენკო.
უკრაინელი სპეციალისტის თქმით, „დინამოსთან“ მოგება კონფერენს ილიგის საგზურის გაფორმებისთვის გადადგმულ უდიდეს ნაბიჯია და ეს მატჩი გუნდისთვის დიდი მუხტი იქნება.
„ამ თამაშმა მოგვცა ფსიქოლოგიური მუხტი მომავალი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩისთვის, რომელიც „საბურთალოსთან“ გველის, ეს მატჩი სამეულისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება. თუმცა, ჩვენთვის „თელავთან“ და ბათუმის „დინამოსთან“ დარჩენილი შეხვედრებიც ძალიან პრინციპულია და მნიშვნელოვანი იქნება“.
„დილა“ ეროვნულ ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელმაც მეოთხე წრეში ყველა შეხვედრა მოიგო – დემჩენკოს გუნდმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო, 59 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „დინამო თბილისთან“ სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა, ხოლო თბილისის „ლოკომოტივს“ (51) 8 ქულით ასწრებს.