ანდრეი დემჩენკო - „დილამ“ მეორე ტურში უფრო დამაჯერებლად ითამაშა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-2 ტურში, „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გორის „დილამ“ „სამტრედია“ 0:2 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ასპროცენტიანი შედეგით, ექვსი ქულით დაწინაურდა.
გორის „დილას“ უკრაინელი მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო „სამტრედისთან“ მოგებული მატჩით კმაყოფილი იყო და განაცხადა, რომ მისი გუნდი ახლა უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ვიდრე პირველ ტურში.
„პირველი ტურის მატჩში ფსიქოლოგიური წნეხი იგრძნობოდა და კარგად ვერ ვითამაშეთ. „სამტრედიასთან“ კი ნერვიულობა დავძლიეთ და საგოლე მომენტები შევქმენით. მთლიანობაში, კარგად ვითამაშეთ. მატჩს ვაკონტროლებდით და ჩვენს თამაშში ბევრად მეტი პოზიტივი იყო. სწრაფი გოლი გუნდს ყოველთვის თავდაჯერებას მატებს. პირველებმა გავიტანეთ და მატჩის მიმდინარეობაზე გავლენა ამანაც იქონია. ზოგ მომენტებში პრობლემები „სამტრედიამაც“ შეგვიქმნა. რთული მატჩი გამოვიდა და მიხარია, რომ მოვიგეთ“, – განაცხადა უკრაინელმა სპეციალისტმა.
უკრაინელმა ანდრეი დემჩენკომ გორის „დილა“ გიორგი ნემსაძის „დინამო თბილისში“ გადასვლის შემდეგ ჩაიბარა. ამსტერდამის „აიაქსის“ ყოფილი თავდამსხმელის ხელმძღვანელობით, „დილას“ ზაფხულში უეფა-ს ახალ ტურნირზე, კონფერენციათა ლიგაზე გამოსვლა მოუწევს.