ანდერ ერერა - „მანჩესტერ იუნაიტედისგან“ მეტ ყურადღებას ვიმსახურებდი
ანდერ ერერა - „მანჩესტერ იუნაიტედისგან“ მეტ ყურადღებას ვიმსახურებდი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ნახევარმცველი ანდერ ერერა, რომელიც ამჟამად „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას იცავს, ინგლისური კლუბიდან წასვლის გარემოებებზე საუბრობს. მისი თქმით, აწ უკვე ყოფილი კლუბისგან ის მეტ ყურადღებას იმსახურებდა.

„საქმე ეხებოდა არა ფულს, არამედ შეთანხმების ვადებს. მე ძალიან დიდხანს ველოდებოდი წინადადებას და „მანჩესტერ იუნაიტედისგან“ მეტ ყურადღებას ვიმსახურებდი. მე ის მოთამაშე ვიყავი, რომელმაც გუნდს ყველაფერი მისცა. მე არასდროს ვწუწუნებდი, არასდროს მივმართავდი პრესას, არასდროს გამოვთქვამდი პრეტენზიებს და არასდროს ვაყენებდი ზიანს მწვრთნელების იმიჯს, ისინი კი ელოდებოდნენ, როდის დარჩებოდა ხუთ თვეზე ნაკლები ჩემი კონტრაქტის ამოწურვამდე. სწორედ ამიტომ შეგვექმნა აზრთა სხვადასხვაობა“, – მოჰყავს ერერას სიტყვები გამოცემა „ათლეტიკს“.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ესპანელმა კარიერა „სარაგოსაში“ დაიწყო, საიდანაც მოგვიანებით ბილბაოს „ატლეტიკში“ გადავიდა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას კი 2014-19 წლებში იცავდა.

ესპანეთის ნაკრებში ერერას ორი მატჩი აქვს ჩატარებული.