ანჟეი დუდა - არ შეიძლება, საქართველო და უკრაინა ევროკავშირს გარეთ დავტოვოთ მხოლოდ იმიტომ, რომ „ძლიერ“ მეზობელს მათი ბედის გადაწყვეტა სურს
არ შეიძლება, საქართველო და უკრაინა ევროკავშირს გარეთ დავტოვოთ მხოლოდ იმიტომ, რომ „ძლიერ“ მეზობელს მათი ბედის გადაწყვეტა სურს. პოლონური სააგენტო PAP-ის ცნობით, ამის შესახებ ანჟეი დუდამ ციურიხის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა უნდა მისცეს უკრაინასა და საქართველოს ბლოკში გაწევრიანების შესაძლებლობა, თუ ისინი ამისთვის ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ.
მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების დღიდან პოლონეთი აქტიურად მონაწილეობს ღონისძიებებში, რომლებიც მიმართულია აღმოსავლეთ მეზობლების, კერძოდ უკრაინის, საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოებისკენ.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ევროკავშირის კარი უნდა დარჩეს ღია და ჩვენ გვსურს, რომ ეს ქვეყნები მომავალში ევროკავშირის წევრები გახდნენ“, – განაცხადა ანჟეი დუდამ და აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა უკვე დიდი ხანია, მიისწრაფვიან ევროკავშირისკენ.
„ვალდებულები ვართ, მხარი დავუჭიროთ მათ, არ შეიძლება ისინი ევროპული თანამეგობრობის გარეთ დავტოვოთ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ „ძლიერ მეზობელს“ მათი ბედის გადაწყვეტა სურს. მათთვის არჩევანის წართმევა ეწინააღმდეგება პრინციპს, რომლის თანახმადაც ყველა სახელმწიფოს აქვს თვითგამორკვევის თანაბარი უფლება“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ანჟეი დუდამ ასევე ისაუბრა საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობაზე.
„ევროპაში საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლა მიუღებელია“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.