ანჩელოტი 20 წლის ბელინგემზე - ის გამოცდილი ვეტერანივით თამაშობს #1TVSPORT
ანჩელოტი 20 წლის ბელინგემზე - ის გამოცდილი ვეტერანივით თამაშობს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა „ბარსელონასთან“ გამართული მატჩის გმირის, ჯუდ ბელინგემის შესახებ ისაუბრა, რომლის დუბლის წყალობით „სამეფო კლუბმა“ პრინციპულ მეტოქესთან გამარჯვება მოიპოვა.

„ბელინგემი ძალიან ეფექტურად თამაშობდა, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს „მარკა“,- პირველი გოლი უბრალოდ შესანიშნავი იყო, მეორე გოლის გატანისას კი მან საკუთარი შანსი ბოლომდე გამოიყენა.

მისი თამაში გვაოცებს, განსაკუთრებით კი – შედეგიანობა. ბელინგემს ბევრი გოლი გააქვს, მაგრამ ამ შორეული დარტყმით გატანილმა ბურთმა მართლა გაგვაკვირვა, რადგან საჯარიმოს გარედან გოლი არც ისე ხშირად გააქვს. ბელინგემი გამოცდილი ვეტერანივით გამოიყურება და ძალიან კარგი სათამაშო განწყობა აქვს“.

შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში „ბარსელონამ“ „რეალს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ანგარიში კატალონიელებმა მე-6 წუთზე გიუნდოგანის გოლით გახსნეს. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და „ბარსელონა“ შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდა. მატჩის მეორე ნახევარში კი „რეალმა“ თამაშის შემოტრიალება მოახერხა. ჯუდ ბელინგემმა 68-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მატჩის მიწურულს, 90+3 წუთზე კი მადრიდელთა ინგლისელმა ნახევარმცველმა გამარჯვების გოლი გაიტანა და დუბლი შეასრულა.

მიმდინარე სეზონში 20 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 13 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.