ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ზამთრის ოლიმპიადაზე თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა [ვიდეო] #1TVSPORT

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე მედლებისთვის იბრძვის საქართველოს მოციგურავეთა ნაკრები. გუნდურ ასპარეზობაში მან ათ ნაკრებს შორის ხუთეულში შესვლა და ფინალში გადასვლა მოახერხა.

ფინალში კი სპორტსმენები თავისუფალ პროგრამას წარმოადგენენ. 7 თებერვალს სპორტულ ცეკვებში უკვე გამოვიდა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი, რომელმაც 7 გუნდური ქულა მოიპოვა.

8 თებერვალს კი ყინულზე გამოვიდა სპორტული წყვილი – ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა. მათ მაღალ დონეზე იასპარეზეს და მსაჯებისგან 139.70 ქულა დაიმსახურეს, იაპონელების შემდეგ მეორეები იყვნენ და 9 ქულა გამოიმუშავეს.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებს 41 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციაზეა. მესამეა იტალია – 45 ქულა, მეორე იაპონია – 49, ხოლო პირველი ამერიკა – 51.

დარჩენილია ორი დისციპლინა – თავისუფალი პროგრამა ერთეულებში როგორც კაცებში, ასევე ქალებში. სწორედ ანასტასია გუბანოვას და ნიკა ეგაძის დღევანდელი გამოსვლების შემდეგ გაირკვევა, საქართველოს ნაკრები მოიპოვებს პირველ მედალს ამ ზამთრის ოლიმპიადაზე თუ ვერა.