„ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობამ აქცია გამართა
„ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობამ აქცია გამართა

„არა ბეტონს – გვინდა მწვანე სივრცე“, – ამ ლოზუნგით „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობამ აქცია-პერფორმანსი გამართა.

აქციის მონაწილეებმა საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო მოედანზე სიმბოლურად სხვადასხვა მცენარის თესლები გადაყარეს და ბაღის მიმდებარედ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

მათი თქმით, ახალი საცხოვრებელი კორპუსი „ანას ბაღს“ ემიჯნება და რეკრეაციულ სივრცეს საფრთხეს უქმნის, ამიტომ ისინი მერიისგან ადგილმონაცვლეობას ითხოვენ.

„ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ წარმომადგენელი აქციის მონაწილეების საპასუხოდ განმარტავს, რომ მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს და ის არათუ საფრთხეს უქმნის ბაღს, არამედ პროექტით მისი გაფართოებაა დაგეგმილი.

კომპანიის წარმომადგენელის თქმით, 300 კვადრატული მეტრიდან ბაღის ფართობი 1000 კვადრატულამდე გაიზრდება. ამ დაპირების მიუხედავად, აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გააგრძელებენ.